ე.წ. „ფაშისტური“ იდეოლოგიის ჯგუფის წევრებმა, არასრულწლოვანი დანებისა და პისტოლეტების გამოყენების მუქარით აიძულეს დამდგარიყო მუხლებზე და აიძულეს ბოდიში მოეხადა დაჯგუფების „ლიდერისთვის“ – პროკურატურის ინფორმაციით, არასრულწლოვნის მიმართ დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობის ფაქტზე 9 პირს აღკვეთის ღონისძიების სახედ პატიმრობა შეეფარდა.
„დაზარალებული აიძულეს პისტოლეტებისა და დანის გამოყენების მუქარით ღირსების შემლახველი ქმედებებით, დაჩოქილ მდგომარეობაში მყოფს, მობილური ტელეფონის ვიდეოზარით ბოდიში მოეხადა დაჯგუფების ე.წ. ლიდერისათვის. დაზარალებულის ღირსების შემლახველი ქმედებების ამსახველი ვიდეო ბრალდებულებმა მობილური ტელეფონით გადაიღეს და ატვირთეს სოციალურ ქსელში. აღნიშნული ქმედებით დაზარალებულმა განიცადა როგორც ძლიერი ფიზიკური და ფსიქიკური ტკივილი, ასევე მორალური ტანჯვა.
სამართალდამცავებმა ე.წ. დაჯგუფების ლიდერი და დანაშაულში მონაწილე რვა პირი დააკავეს. მათ ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 144 ტერცია მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ და „ზ“ ქვეპუნქტებით (პირის დამცირება, არაადამიანურ, პატივისა და ღირსების შემლახავ მდგომარეობაში ჩაყენება, რაც მას ძლიერ ფიზიკურ, ფსიქიკურ ტკივილს და მორალურ ტანჯვას აყენებს, ჩადენილი ჯგუფურად და წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანის მიმართ) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე თბილისის საქალაქო სასამართლომ ცხრავე ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახედ პატიმრობა უკვე შეუფარდა”,- ნათქვამია ინფორმაციაში.