შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ე.წ. ქურდული სამყაროს წევრობისა და მათთვის მიმართვის გამო, თბილისში, ქუთაისში, ზესტაფონსა და თერჯოლაში 5 ადამიანი დააკავეს.
“გამოძიებით დადგინდა, რომ ფინანსური უთანხმოების გამო, მოდავე მხარეებმა არსებული დავის მოსაგვარებლად მიმართეს ე.წ. ქურდული სამყაროს წევრებს, რომლებიც აღნიშნული დავის გადაწყვეტის მიზნით დაუკავშირდნენ საზღვარგარეთ მყოფ ქართველ ე.წ. კანონიერ ქურდებს. ამის შემდეგ, ე.წ. ქურდული სამყაროს წევრებმა მოდავე მხარეებთან ერთად ქურდული წესით გარჩევისთვის რამდენიმე შეხვედრა გამართეს. შეხვედრებზე ქურდული სამყაროს წევრებმა მოუსმინეს დაპირისპირებულ მხარეებს და დაავალეს, სადავო ფულიდან 50 000 ლარიდან, ობიექტურად განსაზღვრული კუთვნილი წილების ერთმანეთისთვის გადახდა, ასევე, ორივე მხარეს მოსთხოვეს, დავაში ჩართული კანონიერი ქურდებისათვის გარკვეული თანხის გაგზავნა. მოდავე მხარეები ვერ შეთანხმდნენ კუთვნილ წილებზე, რის შემდეგაც ე.წ. ქურდული სამყაროს წევრებმა ისინი დაავალდებულეს, ჩასულიყვნენ საბერძნეთში მყოფ კანონიერ ქურდებთან, რომლებიც უკვე ქურდული გარჩევის საფუძველზე მიიღებდნენ საბოლოო გადაწყვეტილებას”. – თქვეს შსს-ში ბრიფინგზე.
დაკავებულები არიან – 1982 წელს დაბადებული ი.მ. 1975 წელს დაბადებული გ.გ. (მეტსახელად გადაბმული), 1978 წელს დაბადებული კ.ჟ. 1984 წელს დაბადებული შ.კ. და 1966 წელს დაბადებული გ.ს.