ე.წ. ქურდულ სამყაროსთან კავშირში მყოფი 49 ადამიანი დავაკავეთ – შსს

ქვეყნის მასშტაბით ჩატარებული საპოლიციო ღონისძიების შედეგად, შსს-მ ქურდულ სამყაროსთან კავშირში მყოფი 49 პირი დააკავა.

“სამართალდამცველების მიერ, მოსამართლის განჩინების საფუძველზე ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში განხორციელებული ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მოპოვებული მტკიცებულებებით დადგინდა, რომ ბრალდებულები კავშირზე იყვნენ საზღვარგარეთ მყოფ ე.წ კანონიერ ქურდებთან, ასრულებდნენ მათ დავალებებს და აქტიურად მონაწილეობდნენ „ქურდული სამყაროს” საქმიანობაში.

ასევე, დგინდება, რომ ბრალდებულებისა და მოდავე მხარეების მონაწილეობით, სხვადასხვა დროს საქართველოში და საზღვარგარეთ ე.წ. ქურდული გარჩევები ეწყობოდა, რომლებშიც საზღვარგარეთ მყოფი „კანონიერი ქურდებიც“ მონაწილეობდნენ.

ბრალდებულები შეკრებებზე ე.წ. ქურდული ტრადიციების შესაბამისად, გადაწყვეტილებებს იღებდნენ,  ერთ-ერთ მოდავე მხარეს მეორის, ასევე, თავიანთ სასარგებლოდ განსაზღვრულ დროში გარკვეული თანხის გადახდას აკისრებდნენ. იმ შემთხვევაში, თუ ისინი არ დაემორჩილებოდნენ მათ მითითებებს, სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებდნენ. ასევე, ემუქრებოდნენ ოჯახის წევრების სიცოცხლის მოსპობით.

პოლიციამ, ბრალდებულების პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცებად ამოიღო კომპიუტერული ტექნიკა და მობილური ტელეფონები, რომელთა საშუალებითაც ისინი ერთმანეთს და საზღვარგარეთ მყოფ  „კანონიერ ქურდებს“ უკავშირდებოდნენ. გარდა ამისა, ჩხრეკის შედეგად, ამოღებულია ცეცხლსასროლი იარაღი”, – ვკითხულობთ განცხადებაში.