ექსპერტები თვლიან, რომ კრემლში ღრმავდება დაპირისპირება მათს შორის, ვინც პირადი ინტერესების გამო უკრაინაში ომის გაგრძელებას ეწინააღმდეგება და მათ შორის, ვინც რუსეთის სრულ გამარჯვებამდე ბრძოლის მომხრეა.
რუსი ოლიგარქი, ევგენი პრიგოჟინი, რომელიც კერძო სამხედრო კომპანია “ვაგნერს“ აფინანსებს, უკრაინის ჩრდილო–აღმოსავლეთში გამაგრებების ხაზს ქმნის სახელწოდებით “ვაგნერის ხაზი“ და მისი აქტიური მონაწილეობით “სპეცოპერაციაში“ რუსეთის სამთავრობო წრეებში განხეთქილებას აღრმავებს.
ამერიკული ომის კვლევის ინსტიტუტის (ISW) ექსპერტების ინფორმაციით თავდაცვის ეშელონის შექმნა “ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკაში“ არ არის თანხვედრაში ომის მსვლელობის შესახებ კრემლის ნარატივთან.
მიმომხილველები რუსულ ტელეგრამ არხებზე დაყრდნობით აღნიშნავენ, რომ რუსეთის რეგიონულმა ჩინოვნიკებმა შეაჩერეს “ვაგნერის ხაზის“ გამაგრებების გაფართოება, რომლებიც ლუგანსკისა და დონეცკის ოლქების, ასევე რუსეთის ბელგოროდის ოლქის ფრონტების შეხების ხაზის გასწვრივ გადის. პრიგოჟინმა საპასუოდ რუსეთის სამხედრო ხელმძღვანელობა ბიუროკრატიაში დაადანაშაულა და თქვა, რომ ის “პირდაპირ ეწინააღმდეგება მოსახლეობის ინტერესებს და არ იცავს რუს ადამიანებს“.
თავის ტელეგრამ არხზე პრიგოჟინმა კომენტარი გააკეთა “ვაგნერის ხაზის“ გარშემო არსებულ ვითარებაზე და დაადასტურა, რომ დამცავი ნაგებობები კრემლის დავალების გარეშე კეთდება.
“ვაგნერის ხაზის“ გაკეთება არავის არავისთვის არ დაუვალებია. “ვაგნერი“ ფრონტის ხაზის გასამაგრებელ ნაგებობებს ოპერატიული ვითარებიდან და საკუთარი გეგმებიდან გამომდინარე აკეთებს. ის სევერსკი დონცის გასწვრივ გადის, რადგან ეშელონირებულ თავდაცვას გულისხმობს. სხვა დეტალების გამხელა არამიზანშეწონილად მიგვაჩნია“– დაწერა პრიგოჟინმა.
ISW ასევე აღნიშნავს, რომ კრემლი სავარაუდოდ შეეცდება ომის შეზღუდული ჩარჩოები შეინარჩუნოს. ამიტომაც, კრემლის სახელისუფლო წრეებში გრძელდება დაპირისპირება ჩინოვნიკებს შორის, რომლებიც ვერ ბედავენ ომის გაგრძელების გადაწყვეტილების მიღებას პირადი ინტერესების გამო და მათ შორის, ვინც მომხრეა რუსეთმა “სრული გამარჯვებისთვის“ იბრძოლოს.
გავრცელებულ რუსულ რუკებზე ჩანს, რომ პრიგოჟინის მიერ შეთავადებული “ვაგნერის ხაზის“ გაგრძელება რუსულ ბელგოროდის ოლქსა და უკრაინის სუმის, ხარკოვის და ლუგანსკის ოლქებს შორის საზღვრებს იცავს, თუმცა არ მოიცავს ლუგანსკის ოლქის ჩრდილოეთს ,რაც ეწინააღმდეგება კრემლის დაპირებებს, რომ ლუგანსკს დაიცავს.
ხაზი მოიცავს ზოგიერთ ცოტა ხნის წინ დაპყრობილ დასახლებულ პუნქტებს, როგორიც არის ლისიჩანსკი, ზოლოტოე და პოპასნაია, მაგრამ გამორიცხავს კრემენნაიას და სევეროდონეცკს.
პრიგოჟინი და ვაგნერის მეთაურები, როგორც ჩანს, იმ პოზიციების დაცვას აპირებენ, რომელთა შენარჩუნება მათი აზრით რეალურად შეუძლიათ, და არა მთელი ფრონტის ხაზისას დონეცკისა და ლუგანსკის ოლქებში.
“ვაგნერის ხაზი“ – ეს არის მრავალშრიანი, ეშელონირებული დაცვის ელემენტი. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ვაგნერი გაჩერებას აპირებს… ეს უფრო იმ სამხედრო ფორმირებებს ჭირდებათ, რომლებიც ვაგნერის ზურგს უკან დგანან, რომ მაქსიმალურად უსაფრთხოდ იგრძნონ თავი–ასე პასუხობს პრიგოჟინი კითხვას გამაგრებების შექმნის აუცილებლობაზე.
ცოტა ხნის წინ სოციალურ ქსელებში გამოჩნდა “ვაგნერის ხაზის “ თანამგზავრიდან გადაღებული ფოტოები. ხაზის სიგრძე თითქმის 2 კილომეტრია. გამაგრებები ტანკსაწინააღმდეგო ბეტონოის პირამიდების 4 რიგისგან შედგება, მათ უკან კი დიდი სანგარია. რუსული პროპაგანდა ამტკიცებს, რომ გამაგრებები უკრაინის არმიის კონტრშეტევის შესაჩერებლად გაკეთდა, თუმცა CNN–ის ჟურნალისტები თვლიან, რომ უკრაინულ ძალებს შეუძლიათ ამ გამაგრებებს გვერდი აუარონ.