პარტია გირჩის ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე ამბობს, რომ ვადამდელი არჩევნები საპარლამენტო რესპუბლიკისთვის ჩვეულებრივი ამბავია და ოპოზიციას ექსტრაორდინალური მოთხოვნა არ აქვს.
“ვადამდელი არჩევნები, ისეთი ტიპის ქვეყნებში, როგორიც საქართველოა კონსტიტუციით, ეს არის საპარლამენტო რესპუბლიკა, არის ჩვეულებრივი ამბავი. ეს არ არის ექსტრაორდინალური ამბავი, გასაგებია, რომ გამოიყენება მაშინ, როცა ქვეყნებში არის კრიზისი, მაგრამ არის პოლიტიკური კრიზისის განმუხტვის ყველაზე ეფექტური გზა.
ამაზე უკეთესი გზა მოფიქრებული არ არის. ანუ, განსაკუთრებულ რამეზე არ არის საუბარი. თუ ვაღიარებთ, რომ ვართ საპარლამენტო რესპუბლიკა, ასეთი ტიპის პოლიტიკური კრიზისები, როგორიც ახლა არის ამ ქვეყანაში, განიმუხტება როგორც წესი ვადამდელი არჩევნებით”,– ამბობს ჯაფარიძე ტვ პირველთან საუბრისას.
გირჩის ლიდერი აღნიშნავს, რომ ვადამდელ არჩევნებამდე დრო უნდა იყოს იმდენი, რომ ცესკოს, საარჩევნო წესების და სხვა ცვლილებების განხორციელება მოესწროს. ჯაფარიძის აზრით, გაზაფხულამდე დრო საკმარისი იქნება.
ცნობისთვის, ოპოზიცია 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგებს არ აღიარებს და პარლამენტს ბოიკოტს უცხადებს.