საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ოფისის ხელმძღვანელი უკრაინაში, მარიამ ბარაბაში “პალიტრანიუსთან” საუბარში ადასტურებს, რომ მიხეილ სააკაშვილი საქართველოში იმყოფება. მისი თქმით, ყოფილმა პრეზიდენტმა, თანამშრომლები რამდენიმე დღით ადრე გააფრთხილა, რომ სამშობლოში ჩასვლას აპირებს.
“მე, როგორც მიხეილ სააკაშვილის ოფისის ხელმძღვანელი უკრაინაში ვადასტურებ, რომ ის ახლა საქართველოშია. გუშინ საღამოს მერე კონტაქტზე არ ვყოფილვარ. 3 დღის წინ ოფისის ტოპ მენეჯმენტი შეკრიბა და გვითხრა, რომ საქართველოში მიდიოდა, რადგან ახლა საქართველოში მნიშვნელოვანი პროცესებია და მისი იქ ყოფნა აუცილებელია. არ დაუზუსტებია, როდის დაბრუნდება უკრაინაში, თუმცა, თქვა, რომ მალე”, – აცხადებს ბარაბაში.
მიხეილ სააკაშვილმა დღეს, 1-ელ ოქტომბერს Facebook-ზე პოსტი გამოაქვეყნა, რომელშიც წერდა, რომ საქართველოში იმყოფება.