ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ფრენების განახლებისა და მგზავრთა უსაფრთხო გადაადგილებისთვის მიმდინარე მოსამზადებელი სამუშაოების პროცესს გაეცნო.
ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, კომპანია TAV Georgia-მ, რომელიც თბილისის საერთაშორისო აეროპორტის ოპერატორია, უკვე უზრუნველყო, რომ აეროპორტში დაცული იყოს ჯანდაცვის სამინისტროსა და საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით განსაზღვრული რეკომენდაციები.
აეროპორტის შესასვლელში დამონტაჟდა ხელის სადეზინფექციო აპარატები და ვიდეოსკანერები, რომლებიც მგზავრებს სიცხეს გაუზომავენ. ასევე მოხდა მოფრენისა და გაფრენის ტერმინალების უსაფრთხო დისტანციის სპეციალური სტიკერებით მონიშვნა, სარეგისტრაციო დახლებზე მოეწყო დამცავი ფარები, რათა არ მოხდეს პირდაპირი კონტაქტი მგზავრსა და აერპორტის თანამშრომლებს შორის.
თურნავას თქმით, “მნიშვნელოვანია, რომ მთელი ინფრასტრუქტურა, მათ შორის საერთაშორისო აერპორტები მზად იყოს საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით და უსაფრთხოების ყველა ეპიდემიოლოგიურ სტანდარტს უპასუხონ.”
მინისტრმა აღნიშნა, რომ თბილისის საერთაშორისო აეროპორტის ოპერატორმა კომპანიამ ძალიან დიდი შრომა გაწია, რომ უსაფრთხოების სტანდარტები ყველა პროცედურის დროს, ყველა ნაბიჯზე უმაღლეს დონეზე იყოს დაცული. „პრაქტიკულად, კიდევ ერთხელ ვამტკიცებთ, რომ საქართველო არის უსაფრთხო დანიშნულების ადგილი და ეს ეხება არა მხოლოდ ჩვენს ტურისტულ ინდუსტრიას, არამედ აეროპორტებსაც“, – თქვა ნათია თურნავამ.