ვარდების რევოლუციის მემკვიდრე გუნდი დგას აქ – გიგი უგულავა

“ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი და ზუგდიდის მაჟოროტარობის კანდიდატი გიგი უგულავა პარტიული სიის წარდგენისას ამბობს, რომ მისი გუნდი “ვარდების რევოლუციის” მემკვიდრეა.

მისი თქმით, ქვეყანაში ცვლილებებს ასეთი გუნდი სჭირდება.

“ვარდების რევოლუციის მემკვიდრეები არ არიან ადამიანები, ვარდების რევოლუციის მემკვიდრეობა იყო ის, რომ ხალხმა უარი თქვა კორუფციაზე, სახელმწიფოს არარასებობაზე, ნეპოტიზმზე, უარი თქვა საბჭოთა კავშირის გადმონაშთზე ჩვენს ქვეყანაში. ამ თვალსაზრისით მთავარი მემკვიდრეობა არის რეფორმები.

ყველა რეფორმას სჭირდება გუნდი, იმ ცვლილებებზე რომელზეც ჩვენ ვლაპარაკობთ, სჭირდება გუნდი, გამოცდილება და ცოდნა და ვარდების რევოლუციის მემკვიდრე გუნდი დგას აქ. ეს არის გუნდი, რომელმაც შეძლო დაემარცხებინა კორუფცია და ეს უაზრო და უსისხლძარღვო ბიუროკრატია”,- აცხადებს გიგი უგულავა.

ცნობისთვის, დღეს ევროპულმა საქართველომ პარტიული სია წარადგინა. მათი განმარტებით, სია არ არის რიგითობის მიხედვით შედგენილი, რადგან “ევროპული საქართველო” არ არის ის პარტია, სადაც რამდენიმე ადამიანი წყვეტს, ვინ უნდა იყოს პარლამენტში.