საქართველოს მე-3 პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ამბობს, რომ ქართული ოცნების ხელისუფლება იძულებული გახდა, რომ მოლაპარაკებები დაიწყოს, რაც სისუსტის გამოვლინებაა.
მისივე განცხადებით, უცხოელებმა ტონის შეცვლა დაიწყეს, რადგან დაინახეს რომ ოპოზიციას სამართლებრივი ბრძოლის მექანიზმები არ აქვს.
სააკაშვილი მიმართვაში ამბობს, რომ ამ პირობებში, როდესაც ოცნების წევრები კუთხეში არიან მომწყვდეულები და დასუსტებულები, მნიშნელოვანია, რომ ხვალ აქციაზე ხალხი იყოს.
“ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პომპეოსაც ჩვენ გადავცეთ ჩვენი გზავნილი. სხვათა შორის, ვარდების რევოლუციის წინ ბეიკერი ჩამოვიდა. ეს გზავნილი უნდა გადაეცეს არა მხოლოდ იმის გამო, რომ არის სახელმწიფო მდივანი, მასთან ერთად ჩამოვა ძალიან ბევრ ჟურნალისტი. უკვე ძალიან ბევრი უცხოელი ჟურნალისტი მიკავშირდება, დღეში რამდენიმე ინტერვიუს ვიძლევი. მაგრამ, ნამდვილი აფეთქება მოხდება ამ თემის საერთაშორისო მედიაში, რაც ძალიან გააძლიერებს ჩვენი გამარჯვების ეფექტს და საქმეს, თუ კარგად ვიქნებით ორგანიზებული ხვალ და სახელმწიფო მდივნის ჩამოსვლისთვის”,- ამბობს სააკაშვილი.
ექსპრეზიდენტი აღნიშნავს, რომ ესმის, რომ ცივა და კორონავირუსია, თუმცა კარგი ამბავი ის არის, რომ უკვე გაჩნდა ვაქცინა.
“თუ ეს მთავრობა არ შეიცვალა ამ ვაქცინის ჩამოსვლას საქართველოში ძალიან დიდი დრო დასჭირდება. თუ ნორმალური მთავრობა იქნა, პრაქტიკულად, იმავე დღეს, როცა ამერიკაში გამოვა, იმავე დღეს ან მეორე დღეს იქნება ეს ვაქცინა საქართველოში. თქვენ ხომ იცით, რომ ტყუილად არასდროს არაფერს არ ვსაუბრობ. ახლა ჩვენ გვჭირდება ამ საქმის ბოლომდე მიყვანა. ოპოზიცია ერთიანია, როგორც არასდროს. ქართველი ხალხი ერთიანია, ახლა მეტი ქმედების დროა საბოლოო გამარჯვებისთვის”,- თქვა მიხიელ სააკაშვილმა.