ვარკეთილის ბაზრობაზე ხანძრის შედეგად დაზარალებულმა მოვაჭრეებმა გზის გადაკეტვა სცადეს

ვარკეთილის ბაზრობის დაზარალებულმა მოვაჭრეებმა ჯავახეთის ქუჩის გადაკეტვა სცადეს, თუმცა მათ პოლიციამ წინააღმდეგობა გაუწია და სავალი ნაწილი მალევე დაატოვებინა. ამ დროს ერთ-ერთი დაზარალებული შეუძლოდ გახდა და შესაბამისი სამედიცინო დახმარება გაუწიეს. დაზარალებულები თბილისის მერიისგან და მთავრობისგან დახმარებას ითხოვენ.

მათი ნაწილი მთავარ არხთან ამბობს, რომ ნულიდან დაიწყებენ მუშაობას, თუ ბაზარს მალე აღადგენენ. რამდენიმე დაზარალებულის ცნობით, მათი ზარალი ათასობით ლარს სცილდება.

შეგახსენებთ, რომ გუშინ ღამით ვარკეთილის შერეულ ბაზარში ხანძარი გაჩნდა, რომელიც ამ დროისთვის სრულად ლიკვიდირებულია. ხანძრის შედეგად დაახლოებით 4000 კვ-მდე სასაწყობე ჯიხურებია დამწვარი.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ს 187-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო, რაც ცეცხლის წაკიდებით ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.