რიონის ხეობის მცველი ვარლამ გოლეთიანი განმარტავს, რატომ ჩავიდა დღეს ჭყონდიდის ეპარქიაში. მისი თქმით, ის მეუფე სტეფანეს მრევლია და ხშირად აქვს მასთან კომუნიკაცია, ამიტომ დღეს სალხინოში ბზობის დღესასწაულის აღსანიშნავად ჩავიდა.
“თქვენ იცით და არავისთვის დამალული არ არის, რომ ცაგერის და ლენტეხის ეპარქიის მმართველი, სადაც ჩვენ ვცხოვრობთ, მეუფე სტეფანეა, ასევე, მეუფე სტეფანეა ჭყონდიდის ეპარქიის მმართველიც. მე ვარ სასულიერო პირის ოჯახიდან. მამაჩემიდან გამომდინარე, გვაქვს კომუნიკაცია მეუფესთან და ვართ მრევლი იმ ტაძრის, სადაც მეუფე აღავლენს ღვთისმსახურებს. ამიტომ ჩვენ ხშირად დავდივართ ცაგერში სხვადასხვა დღესასწაულზე.
დღეს ჭყონდიდის ეპარქიაში აღევლინა საღვთო ლიტურგია, გადავწყვიტეთ რომ წავსულიყავით და დავსწრებოდით ტრადიციულად. ამას მოყვა გარკვეული სპეკულაციები და ლამის ჩვენს ოკუპანტ მეზობელთან დაგვაკავშირეს ამის გამო. რაც შეეხება ჩვენს დამოკიდებულებას იქ მიმდინარე პროცესებზე, მკაფიოდ გვინდა ვთქვათ, რომ ჩვენ არ ვცნობთ მხარეობას. არავის სჭირდება ჩვენი დაცვა და მომხრეობა. ზოგადი სურათი რაც არის ეპარქიაში, რა თქმა უნდა, ჩვენთვისაც შემაშფოთებელია. ვემიჯნებით ყოველგვარ პროვოკაციებს და ძალადობას, რაც იქ ხდება”,– თქვა გოლეთიანმა.
მანვე აღნიშნა, რომ ეს “ისტერია” გარკვეულ ძალებს აწყობთ, ამიტომ, იმედი აქვს, რომ ვინც საღად უყურებს მიმდინარე მოვლენებს, ეს მათზე გავლენას არ მოახდენს.
დღეს თეოლოგმა ბასილ კობახიძემ განაცხადა, რომ გოლეთიანმა მეუფე სტეფანეს მხარი დაუჭირა, რაც “ნაძირლობაა”, თუმცა ამან ვერაფერი უნდა დააკლოს საპროტესტო მოძრაობას.
ჭყონდიდში მის ჩასვლას გამოეხმაურა პოლიტოლოგია გია ხუხაშვილმა, რომელმაც ამ ფაქტს “ფატალური შეცდომა” უწოდა.