ჩვენ გავასაჩივრეთ, ვასაჩივრებთ, ოქმების გაუქმებას ვითხოვთ და თუ ეს ყველაფერი დაკმაყოფილდება – ეს ვითარებას ცვლის , – ამის შესახებ „ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა ბადრი ჯაფარიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „რეზიუმეში“ განაცხადა.
„თუ დავინახავთ, რომ „ქართულმა ოცნებამ“ კიარ დაიწერა 48%, არამედ ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ გაითვალისწინა ის, რომ მასობრივი დარღვევებია და გააუქმა შედეგები – მაშინ ეს ვითარებას შეცვლის
ჩვენ სამართლებრივი გზებით ბრძოლას ვაგრძელებთ, ჩვენ ჩვენი სიმართლის დამტკიცებას გავაგრძელებთ – არავის ამაში ეჭვი არ უნდა შეეპაროს. საკმარისი მტკიცებულებები გროვდება იმისთვის, რომ საერთოდ არჩევნების შედეგების გაბათილება მოვითხოვოთ – აი ამისკენ მივდივარ. ეს არჩევნები არის ისეთი დარღვევებით სავსე, რომ მისი შედეგი ლეგიტიმური ვერ იქნება. საბოლოო ჯამში ამ არჩევნებმა დაამახინჯა რეალური სურათი, ამას არ ჰქვია სამართლიანი გარემო – იყო მოსყიდვის ფაქტები, დაშინების, მუქარის ფაქტები. გაქვს დილემა, რომ არჩევნების ლეგიტიმაციას ხელი შეუწყო და შეხვიდე პარლამენტში, შეეგუო ყველაფერს ან თქვა, რომ მე ვუარყოფ ამ არჩევნების ლეგიტიმაციას, მე უარს ვამბობ მანდატებზე იმიტომ, რომ ეს არის მორალური თემაც და მე ვფიქრობ, რომ ეს არის პასუხისმგებლიანი ნაბიჯი იმ ამომრჩევლების მიმართ, რომლებმაც ხმა მოგვცეს და მათი ხმები არ აისახა შედეგებში.
250 000 ჩვენი მხარდამჭერი ეს არი იყო რაიმე კვლევის შედეგი, ეს იყო რეალური ადამიანები სახელი და გვარით და პირადი მონაცემებით, რომლებიც მხარს გვიჭერდნენ და მათგან არჩევნებზე მივიდა 160 000 და დღევანდელი შედეგებით ხმა მოგვცა მხოლოდ 60 000-მა ამომრჩეველმა. იმ დარღვევების ფონზე, რა დარღვევებიც ამ არჩევნებზე დაფიქსირდა, რა თქმა უნდა, გიჩნდება ლეგიტიმური ეჭვი, რომ ხმები არის მიტაცებული.
თუ ვნახავთ, რომ ცენტრალური საარჩევნო კომისია პასუხისმგებლიანად იქცევა, აუქმებს იმ ოქმებს, სადაც პირდაპირ არის დამახინჯებული ციფრები – თუ სურათი იცვლება, ჩვენი თვითმიზანი არ არის პარლამენტში არ შესვლა. პარლამენტში არ შესვლა გადავწყვიტეთ იმ მოცემულობიდან გამომდინარე, რაც დღეს არის“, – განაცხადა ჯაფარიძემ.