ვასაძე “ღირსების მარშის” გასაუქმებლად მთავრობას 10 დღიან ვადას აძლევს

“დღეს ხომ არის 15 ივნისი, ვადას ვაძლევთ 25 ივნისამდე”- ჰომოფობიური და ძალადობრივი ჯგუფების ლიდერი, ლევან ვასაძე “ქართულ ოცნებას”  10-დღიან ვადას აძლევს, რომ გააუქმონ, 5 ივლის დაგეგმილი “ღირსების მარში სოლიდარობისთვის”. ამის შესახებ, ლევან ვასაძემ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

“მოვუწოდებ ქვეყნის პოლიტიკურ ხელმძღვანელობას, ქართული ოცნების ლიდერებს, მოეშვან ამ თამაშებს და გააკეთონ ძალიან მკაფიო არჩევანი, ან დადგნენ საზოგადოებრივი ნორმის, მორალის და ტრადიციების გვერდით და გააუქმონ დაანონსებული ე.წ. პრაიდი, როგორც მათ ჩვენ ეს გავაკეთებინეთ 2 წლის წინ. დღეს ხომ არის 15 ივნისი, ვადას ვაძლევთ 25 ივნისამდე, გააუქმონ, რათა არ მისცენ საბაბი ქვეყანაში ესკალაციისა და დაპირისპირების პროცესების განვითარებას, ჩვენი ქვეყნის დისკრედიტაციას ჩვენს უშუალო სამეზობლოში”, – ამბობს ვასაძე.

ცნობისთვის, 5 ივლისს, ლოზუნგით, “ღირსების მარში სოლიდარობისთვის” რუსთაველის გამზირზე ლგბტქ აქტივისტები და სხვა მხარდამჭერები შეიკრიბებიან.