ვატიკანის სახელმწიფო მდივანმა, კარდინალმა პიეტრო პაროლინიმ, საქართველოს მთავრობისგან მრევლისთვის კათოლიკური ეკლესიების დაბრუნება ითხოვა და საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს წერილობით მიმართა. ინფორმაციას კათოლიკე ეკლესიის საინფორმაციო სააგენტო ავრცელებს.
წერილს, რომელიც 2023 წლის იანვრით თარიღდება, სრულად გთავაზობთ:
“ბატონო პრემიერმინისტრო,
როგორც გახსოვთ, გასულ სექტემბერს, ნიუ-იორკში ჩატარებული გენერალური ასამბლეის მაღალი დონის კვირეულის დროს, შესაძლებლობა მომეცა მოგსალმებოდით გენერალური დებატების დაწყებამდე. იმ მოკლე შეხვედრისას მე შევეხე საქართველოში იმ კათოლიკური ეკლესიების დაბრუნების საკითხს, რომლებიც ამჟამად დაკავებულია მართლმადიდებლური სამრევლოების მიერ.
ნება მიბოძეთ, მადლობა მოგახსენოთ ყურადღებისა და იმ ინტერესისთვის, რომელიც ამ საკითხის მიმართ გამოიჩინეთ.
ამის გათვალისწინებით, სასარგებლოდ მიმაჩნია მოკლედ შევაჯამო აღნიშნული საკითხი. საქმე ეხება ექვს კათოლიკურ ეკლესიას: გორის, ქუთაისის, ბათუმის, უდის, ივლიტისა და ბუზმარეთის ეკლესიებს (იხ. დანართი). მართლმადიდებლური სამრევლოები, რომლებიც სადღეისოდ იკავებენ ამ ეკლესიებს, აცხადებენ, რომ ეს ეკლესიები მათ გადასცა ქვეყნის ხელისუფლებამ დამოუკიდებლობის მოპოვებისთანავე. ამდენად, ისინი ამ საკითხს განიხილავენ “სახელმწიფო საქმედ”.
თავდაპირველად, კათოლიკური ეკლესიისთვის ამ ქონების (რომელიც მას კანონიერად ეკუთვნის) დაუბრუნებლობა, ასე თუ ისე, აიხსნებოდა იმით, რომ მართლმადიდებელ მრევლს საკულტო ნაგებობების ნაკლებობა ჰქონდა. უკანასკნელი ათწლეულების მანძილზე კი, მას შემდეგ, რაც მართლმადიდებელი ეპისკოპოსების მიერ მთელი ქვეყნის მასშტაბით ასეულობით ეკლესია აიგო (მათ შორის, სახელმწიფოს დახმარებითაც), სადღეისოდ ეს პრობლემა აღარ არსებობს.
ამის გათვალისწინებით, ნება მიბოძეთ, თქვენო აღმატებულებავ, გავიხსენო კათოლიკე ეკლესიის მიერ საქართველოს მიმართ განხორციელებული არაერთი მეგობრული აქტი. კერძოდ, სხვადასხვა ქვეყანაში რამდენიმე ეკლესიამ დააკმაყოფილა ქართველი მართლმადიდებელი მრევლის საჭიროებანი, როცა გამოუყო მას სალოცავი ადგილები. მაგალითად, რომში აღნიშნული მრევლი იყენებს მონტის წმიდა მაცხოვრის სახელობის ეკლესიას (San Salvatore ai Monti). ამიტომ, პოლიტიკური თვალსაზრისითაც, მისასალმებელი იქნებოდა ერთგვარი “საპასუხო ნაბიჯის” გადადგმა, რაც, სადღეისოდ მაინც, შეიძლებოდა გამოხატულიყო უმანკო ჩასახვის ეკლესიის დაბრუნებით, რომელიც მდებარეობს ქალაქ ქუთაისში, იქ, სადაც ცხოვრობს ყველაზე მრავალრიცხოვანი და ისტორიულად მნიშვნელოვანი რომაულ-კათოლიკური თემი საქართველოში.
წინასწარ გიხდით მადლობას ყველაფრისთვის, რის გაკეთებასაც ამ საკითხთან დაკავშირებით შეძლებთ და ჩვენი კეთილი ურთიერთობების გაგრძელების იმედით, ვსარგებლობ შემთხვევით, რათა დავუდასტურო თქვენს აღმატებულებას ჩემი უღრმესი პატივისცემა”.