ვაფასებთ მხარდამჭერების არჩევანს და გვსურს გრძელვადიანი შეთანხმება – თალაკვაძე

კრისტიან დანიელსონთან შეხვედრის შემდეგ პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძეც სამართლიანობაზე ამახვილებს ყურადღებას.

“მე ვფიქრობ, რომ სამართლიანი პრინციპების გარშემო შეთანხმება მიღწევადია და თუ ოპოზიციაც ამ რეალური გადმოსახედიდან შეაფასებს შეთანხმების შესაძლებლობას, იმედი მაქვს, ჩვენ შევძლებთ შეთანხმებას. დღის ბოლომდე კიდევ გაიმართება შეხვედრები და ვფიქრობ, რომ გამოიკვეთება შესაძლებლობა, რომ პოლიტიკურ თანხმობას მივაღწიოთ”,– ამბობს თალაკვაძე.

მანვე აღნიშნა, რომ ქართული ოცნება აფასებს არჩევნებზე თავისი მხარდამჭერების არჩევანს და სურს მდგრადი და გრძელვადიანი შეთანხმების მიღწევა.

“ამისთვის ქართულმა ოცნებამ ფუნდამენტური დემოკრატიული რეფორმები გაატარა და რასაკვირველია, თუ ვინმეს სურს, პირველ რიგში ჩვენ გვსურს, რომ ამ დემოკრატიულმა რეფორმებმა მოიტანოს პოლიტიკური სტაბილურობა”,– თქვა არჩილ თალაკვაძემ.