“ვაფასებთ საქართველოს მხარდაჭერას ” – უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ვიდეომიმართვას თავის X-ზე გამოეხმაურა.
“მადლობა ძვირფასო სალომე შენი გზავნილისთვის და სოლიდარობისთვის. ჩვენ ვაფასებთ საქართველოს მხარდაჭერას და ვიმედოვნებთ მშვიდობიან და აყვავებულ მომავალს ორივე ერისთვის” – დაწერა ზელენსკიმ X-ზე.
გუშინ, საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომის დაწყებიდან მე-1000 დღეს უკრაინელ ხალხს ვიდეომიმართვაში მხარდაჭერა გამოუცხადა.
“1000 დღეა, რაც თქვენ, უკრაინელო მეგობრებო, იბრძვით თქვენი ქვეყნის დასაცავად, თქვენი დამოუკიდებლობის დასაცავად, თავისუფლების დასაცავად.
თქვენ იბრძვით ჩვენი სახელით, ევროპელის სახელით, ყველას სახელით, ვისაც სურს საკუთარი თავისუფლება დაიცვას რუსული იმპერიალიზმისგან, რუსეთის დამორჩილების, ანექსიისა და სხვა მეზობლების ტერიტორიების გაკონტროლებისაგან.
თქვენი ეს ბრძოლა, ძვირფასო უკრაინელო მეგობრებო, არასოდეს იქნება დავიწყებული. და შეიძლება დამთხვევაა (მაგრამ, რა თქმა უნდა არა) ის, რომ დღეს, ოკუპირებულ აფხაზეთში, ჩვენი მოქალაქეები რუსეთის მიერ აფხაზეთის ანექსიის მორიგ მცდელობებს ეწინააღმდეგებიან. არც ეს იქნება წარმატებული, და ყველგან, სადაც ხალხი თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის იბრძვის, ყველგან გაიმარჯვებს”. – ამბობს პრეზიდენტი ვიდეომიმართვაში.