მთავარი არხის დამფუძნებელი, ნიკა გვარამია თვლის, რომ Covid19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაცია სავალდებულო უნდა გახდეს.
“ბოდიში, მაგრამ თუ საზოგადოებრივი უსაფრთხოება მოიყხოვს (პანდემია კი უმაღლესი რანგის ალარმია), ვაქცინაცია უნდა გახდეს სავალდებულო, საჭიროების შემთხვევაში იძულების გამოყენებით.
შეგახსენებთ, რომ პანდემიის გამო უმნიშვნელოვანესი უფლებების შეზღუდვაა დაშვებული. კი ბატონო, საკუთარი სხეულის სრულად კონტროლის უფლება, ძალიან მაღალი დაცვის უფლებაა. მაგრამ, არ დაგვავიწყდეს, რომ ამავე უფლებრივ კლასტერს განეკუთვნება აბორტი, რომელიც ძალიან ბევრ და ძალიან ცივილიზებულ ქვეყნებშია აკრძალული. ჩვენთანაც, პირველი ტრიმესტრის მერე. და აბორტი თუ მკვლელობაა, აცრებზე მასობრივი უარი – გენოციდის ეფექტის მქონე შეიძლება იყოს.
თავისუფლებაზე მნიშვნელოვანი არაფერი მგონია, მაგრამ ზოგჯერ საზოგადოებრივი უსაფრთხოების ინტერესი პრევალირებს ინდივიდუალურს (საქ. კონსტ. ამას ლეგიტიმური მიზანი წვია და ჩამოთვლილია კიდეც)“– წერს გვარამია ფეისბუქზე.
ჯერჯერობით უცნობია, როდის და რა პრეპარატით დაიწყება საქართველოში Covid19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაცია. ხელისუფლება და ეპიდემიოლოგები ამ საკითხთან დაკავშირებით განსხვავებულ ინფორმაციას ავრცელებენ.
მთელ მსოფლიოში, მათ შორის საქართველოშიც საყოველთაო ვაქცინაციას ბევრი მოწინააღმდეგე ყავს.