ნაციონალური მოძრაობის წევრი რომან გოცირიძე ამბობს, რომ ლოგისტიკური პრობლემების გამო აშშ-ში ვაქცინაციის პროცესი შეფერხებით მიმდინარეობს.
“2020 წლის ბოლომდე უნდა გაკეთებულიყო 20 მილიონი აცრა, გაკეთებულია 2,8 მილიონი. ეს პრობლემა ყველგან იჩენს თავს, რადგან ამ გრანდიოზულ ღონისძიებას აკეთებენ მთავრობები. კერძო ბიზნესი რომ იყოს ჩართული არა მხოლოდ წარმოებაში, არამედ დისტრიბუციაში, საქმე სულ სხვანაირად იქნებოდა. ერხარდი წერდა თავის ცნობილ წიგნში, ბერლინის გაწმენდას ნანგრევებისაგან რამდენიმე ათეული წელი დასჭირდებოდა, რომ არა კერძო ბიზნესი და კერძო ინტერესებიო”,– წერს გოცირიძე.
მისი აზრით, ვაქცინას კერძო ბიზნესიც უნდა ყიდდეს და ეს მხოლოდ სახელმწიფოს ექსკლუზიური უფლება არ უნდა იყოს.
“ვაქცინა თავისუფალ მიმოქცევაშიც უნდა იყოს. თუ საკუთარი ჯიბიდან ვინმე გადაიხდის, რა პრობლემაა, სახელმწიფო ფული დაიზოგება და სხვა კეთილ საქმეს მოხმარდება. მთავარი არგუმენტი ამ პროცესში სახელმწიფოს ექსკლუზიური როლის დაწესებაში არის ის, რომ სხვა წესის გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს ვაქცინის უსამართლოდ განაწილება სოციალურ ჯგუფებს შორის. არ არის ეს სწორი. ამის დარეგულირება ყოველთვის შეიძლება. მაგალითად, ტესტირების შერეული ( სახელმწიფო და კერძო) მეთოდის დაშვებას არ გამოუწვევია რაიმე სახის სოციალური უსამართლობის გაჩენა.
თუ კერძო ბიზნესი, თავისი მარიფათით, საქართველოში შემოიტანს საყოველთაოდ აღიარებულ ვაქცინას (თუნდაც ჩინურს) და ნებაყოფილებით ვინმე გადაწყვეტს ამაში ფულის დახარჯვას და მის მოხმარებას, რატომ უნდა შეეშალოს ხელი? ისე, კერძო სექტორი რომ არ ყოფილიყო, არც ვაქცინა იქნებოდა”,– წერს რომან გოცირიძე.