ვაქცინის შემოსატანად ერთი მინისტრი ინდოეთში უნდა იყოს, მეორე ბრიტანეთში – გამყრელიძე

“საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფის” აღმასრულებელი დირექტორი ნიკოლოზ გამყრელიძე ამბობს, რომ ვაქცინის მწარმოებლებთან მოლაპარაკების პროცესში უშუალოდ მინისტრები უნდა იყვნენ ჩართული და ეს საკითხი ელჩების დონეზე არ უნდა წყდებოდეს. ის ამის რამდენიმე მაგალითს იხსენებს:

“ყველა კარი უნდა გავაღოთ და თუ არ გვიღებენ ფანჯრიდან შევიდეთ. ვისურვებდი, რომ არამარტო ელჩების დონეზე ვხედავდე ვაქცინასთან მიმართებით აქტივობას. არ არის საკმარისი ელჩების დონეზე ჩართულობა. ისრაელის მაგალითი ყველამ ვნახეთ, რამდენიმე თვე ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრი იჯდა “ფაიზერის” ოფისში, იქამდე სანამ ვაქცინები არ გამოიტანა.

ჩვენნაირ პატარა ქვეყანას შანსი არ გვაქვს, მთავრობის მაღალი თანამდებობის წარმომადგენლებმა ზუსტად იგივე უნდა აკეთონ. ერთი მინისტრი ინდოეთში უნდა იყოს, მეორე ბრიტანეთში და ა.შ. იქ უბრალოდ მიდის ბრძოლა არსებობისთვის. ამ რანგმა უნდა იმუშაოს ადგილზე და არა მარტო საელჩოებმა, რადგან არამგონია რომ მხოლოდ მსგავსი გზით მოხდეს საკითხის გადაწყვეტა.”-აცხადებს ნიკოლოზ გამყრელიძე BM.GE–სთან საუბრისას.

ცნობისთვის, საქართველოს ჯერ არცერთი დოზა ვაქცინა არ მიუღია. მთავრობაში ამას სახელმწიფოებრივი მაღალი კონკურენციითა და ვაქცინის დეფიციტით ხსნიან.

ქვეყანა უკვე რამდენიმე თვეა ფაიზერის 29 ათას დოზა ვაქცინას ელის. ასევე, კოვაქს პლატფორმიდან 300 ათასზე მეტ დოზა ასტრაზენეკას, ხოლო უშუალოდ AstraZeneca–სთან პირდაპირი მოლაპარაკებით – 150 ათას დოზას. ჯერჯერობით მთავრობაში ვაქცინის შემოტანის თარიღს ვერ ასახელებენ.