ვაქცინის 29 ათასი დოზა სამედიცინო პერსონალის მესამედსაც კი არ ჰყოფნის – ჩიხლაძე

სტრატეგია აღმაშენებლის ერთ–ერთი ლიდერი, ჯანდაცვის ექსპერტი სერგო ჩიხლაძე ამბობს, რომ ფაიზერის 29 250 დოზა ვაქცინა, რომელიც ქვეყანაში თებერვალში შემოვა, სამედიცინო პერსონალის მესამედსაც კი არ ეყოფა.

“გაცხადებულია, რომ 29 ათასი დოზა შემოვა, რაც დაახლოებით 14.5 – 15 ათას ადამიანს აცრის. ეს ძალიან მცირე რაოდენობაა, სამედიცინო პერსონალის მესამედსაც კი არ ჰყოფნის. თუ კამპანია არ არის დაწყებული და ეს მნიშვნელოვანი ჩავარდნაა. ასევე, არ გვიხილავს, კონკრეტულად გაწერილი ადგილები, სად მოხდება რეგიონების, ქალაქების მიხედვით ვაქცინაცია”,– ამბობს ჩიხლაძე ტვ პირველთან საუბრისას.

გუშინ მთავრობის წევრებმა დაადასტურეს, რომ ქვეყანაში თებერვლის შუა რიცხვებიდან თვის ბოლომდე Pfizer-ის ვაქცინის 29 250 დოზა შემოვა, რომლითაც სამედიცინო პერსონალი აიცრება.

ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ვაქცინაცია ქუთაისის, ბათუმის და თბილისის დიდ კლინიკებში ჩატარდება, რადგან ვაქცინის რაოდენობიდან გამომდინარე ასაცრელი ჯგუფი მცირეა.