სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერი გიორგი ვაშაძე აცხადებს, რომ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა მიხეილ სააკაშვილის კლინიკაში მონახულებაზე უარი უთხრა.
“ფაქტია, რომ მიხეილ სააკაშვილის სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანის შემდგომ, არა თუ უმჯობესდება, არამედ ყოველდღიურად მძიმდება მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა. შესაბამისად, სუფთა ადამიანურად, ყოველგვარი პოლიტიკის გარეშე, ჩემი ამოცანა იყო, მინდოდა გულწრფელად მენახა მიხეილ სააკაშვილი, ერთი მხრივ გამემხნევებინა, მეორე მხრივ პირადად მენახა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა და ამ მიზნით მივმართე საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ უარი მითხრა მიხეილ სააკაშვილის მონახეულებაზე.
ჩემთვის ეს კიდევ ერთი დამადასტურებელი ფაქტია, რომ ყველაფერს აკეთებს ქართული ოცნება, რომ საზოგადოება შეიყვანოს შეცდომაში, დამალოს სიმართლე, რაც არის. გაცილებით უფრო საგანგაშოდ მივიჩნევ ბოლო დღეებში მათ მიერ გაკეთებულ განცხადებებს, რომ თითქოს მიზანმიმართულად თვითდაზიანებას აქვს ადგილი მიხეილ სააკაშვილის მხრიდან. ძალიან ჰგავს ეს სცენარი ზვიად გამსახურდიას გარშემო განვითარებულ სცენარს, როცა ადამიანი მოკლეს და დღეს ისიც კი არ ვიცით, ვინ გაისროლა ეს ტყვია და მაშინ ეს დაგეგმეს რუსულმა სპეცსამსახურებმა ჩვენი ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ. სამწუხაროდ, რა განცხადებებსაც ქართული ოცნება აკეთებს, ეს არის საზოგადოების წინასწარ მომზადება, რომ ღმერთმა არ ქნას, თუ მძიმე შედეგით დასრულდა მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა, ასეთ შემთხვევაში თავად ის დაადანაშაულონ საკუთარი სიცოცხლის მოსპობაში”, – ამბობს ვაშაძე.