„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი, გიორგი ვაშაძე აცხადებს, რომ ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის შეთანხმება მარტის ბოლომდე მოხდება. მისი განცხადებით, ამ მოლაპარაკებების პროცესში კომპრომისი როგორც ოპოზიციას, ასევე ხელისუფლებასაც მოუწევს. გიორგი ვაშაძე გამოეხმაურა ეუთო/ოდირის დასკვნასაც და აღნიშნა, რომ ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის მოლაპარაკებების პროცესში აღნიშნული დოკუმენტი რაიმე ფუნდამენტურ ცვლილებას ვერ მოახდენს.
„ეუთო /ოდირის დასკვნაში წარმოდგენილია იმ პრობლემების ფართო სპექტრი, რომლითაც შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ამ ყველა პრობლემის არსებობამ მნიშვნელოვანი ზეგავლენა მოახდინა არჩევნების საბოლოო შედეგზე. ამას ეუთო/ოდირი ვერ დაწერდა, ეს ჩვენი სათქმელია და ამას მიუთითებს ევროკავშირის აქტიური ჩართულობა, რომ შეთანხმებისკენ წავიდეთ. მნიშვნელოვანი დოკუმენტია, თუმცა, ამით მოლაპარაკების პროცესში რამე ფუნდამენტურად შეიცვლება თუ არა, ეუთო/ოდირის დასკვნის გამო, გეტყვით, რომ არ შეიცვლება. თუმცა, ის რეფორმები, რაც განსახორციელებელია, „ქართულ ოცნებაზე“მეტი წნეხი იქნება რომ განხორციელდეს. რაც შეეხება მოლაპარაკებებს, მინდა ოპტიმისტი ვიყო. ადეკვატურად ვუყურებ ამ პროცესს და მინდა ასევე ადეკვატურად შეხედოს „ქართულმა ოცნებამაც“. ჩემი მიზანი არ არის სანქცირებულთა სიაში იყვნენ მათი წარმომადგენლები. იქნება მათი მხრიდანაც ნაბიჯები, რადგან ხედავენ, რომ ასე ვერ გაგრძელდება, რომელიც შეთანხმებისკენ წაიყვანს ამ პროცესს. იმედიანად ვარ განწყობილი, იქნება ეს ერთ კვირაში თუ ორ კვირაში, მე მაქსიმუმ ვადას ვიღებ მარტის ბოლომდე, რომ შეთანხმებები მოხდეს“, – განაცხადა ვაშაძემ.