„სტრატეგია აღმაშენებელი“ „გირჩსა“ და „მოქალაქეებთან“ ინდივიდუალურ შეხვედრაზე უარს ამბობს. „ეს შეხვედრა, რომელიც რატომღაც დაანონსდა, არ იქნება, რადგან ერთი მხრივ თვითიზოლაციაში ვარ და მეორე მხრივ ვფიქრობ, რომ ყველაფერი განხილული უნდა იყოს საერთო ფორმატში“- ასე უპასუხა „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ „პალიტრანიუსის“ ეთერში, „გირჩისა“ და „მოქალაქეების“ წარმომადგენლებთან შეხვედრის შესახებ შეკითხვას.
„ეს შეხვედრა, რომელიც რატომღაც დაანონსდა, ვერ იქნება, რადგან ერთი მხრივ თვითიზოლაციაში ვარ და მეორე მხრივ ვფიქრობ, რომ ყველაფერი განხილული უნდა იყოს საერთო ფორმატში. აქედან გამომდინარე ვერ იქნება ეს შეხვედრა ჩატარებული. სტრატეგია, რომ ოპოზიცია წინადადებას წინადადებაზე ამბობს ყოველთვის წინასწარ, არასწორად მიმაჩნია. ვერანაირ პროგრესს ვერ ვხედავთ „ქართული ოცნების“ მხრიდან, შესაბამისად, როცა ამაზე ვსაუბრობთ, რამეს დავთანხმდებით თუ არა, ეს არის არასწორი.არ მიყვარს შეთქმულების თეორიები, სატელეფონო საუბარი მქონდა გუშინ ვახოსთან და ნამდვილად ვერ დავაბრალებ ამ ადამიანებს, რომ ვიღაცის დავალებას ასრულებენ, მაგრამ სტრატეგიულად არასწორი და მოლაპარაკებებისთვისაც არასწორი მგონია, რომ ჩვენ ოპოზიცია ყოველ კვირას ახალ-ახალ წინადადებებს ვაწყობთ. ასე მოლაპარაკებები შედეგზე ვერ გავა. ოპოზიციის მხარეს კი არ უნდა ეძებოს ოპოზიციურმა პარტიებმა გადაწყვეტა, არამედ „ქართული ოცნების“ მხარეს უნდა ეძებოს ამ პრობლემის გადაწყვეტა. ამაზე მე ახლა არც კი დავაფიქსირებ პოზიციას, მანამდე მამუკა ხაზარაძემაც თქვა 2022 წლის არჩევნებთან დაკავშირებით, ყველა ეს წინადადება შეიძლება განვიხილოთ, თუ ის მოდის „ქართული ოცნების“ მხრიდან,“ – განაცხადა ვაშაძემ.
ვაშაძე გამოეხმაურა ალეკო ელისაშვილის განცხადებებს და აღნიშნა, რომ „სტრატეგია აღმაშენებლისთვის“ საარჩევნო კოდექსის შეცვლა და ცესკოს რეფორმირება საკმარისი არ არის.
„ვიღაცისთვის ეს არის საკმარისი, ვიღაცისთვის – არა. ჩვენთვის, სტრატეგია აღმეშენებლისთვის ეს არ არის საკმარისი. წერტილი, ამით ყველა კითხვას ვცემ პასუხს,“ – აღნიშნა ვაშაძემ.
“გირჩის” ერთ-ერთი ლიდერის ვახტანგ მეგრელიშვილის გაცნხადებით, “სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერებთან შეხვედრას გეგმავს. მისი განცხადებით, 90%-ით დარწმუნებულია, რომ „სტრატეგია აღმაშენებელი „გირჩის“ წინადადებას მიიღებს.