ვაშაძე, ხოშტარია, შავგულიძე, ნათელაშვილი – ევროპული საქართველოს შეთავაზება ოპოზიციას

ევროპული საქართველო ლეიბორისტების ოფისში შეკრებილ ოპოზიციას თბილისის მაჟორიტარულ ოლქებში ოთხ კანდიდატს სთავაზობს. დავით ბაქრაძის თქმით, ესენი არიან:

  • ვაკე — ელენე ხოშტარია;
  • მთაწმინდა — შალვა შავგულიძე;
  • ისანი — გიორგი ვაშაძე;
  • ნაძალადევი — შალვა ნათელაშვილი;

ბაქრაძის თქმით, 4 კანდიდატი სპეციალურად დაასახელეს, რადგან კონსულტაციები გაგრძელდეს და შეიქმნას ერთიანობის განცდა ქართული ოცნების დასამარცხებლად.

“რატომ 4 კანდიდატი და არა – 6. რა თქმა უნდა, ძალიან მარტივი იყო, ექვსივე ადგილი გადაგვენაწილებინა მონაწილე პარტიებს შორის და შეგვევსო, მაგრამ ეს არ ყოფილა ჩვენი მიზანი. ჩვენი მიზანი და ამოცანაა, ამომრჩეველს ჰქონდეს რაც შეიძლება მრავალფეროვანი არჩევანი თბილისში, რომ გამოჩნდეს, რომ ოპოზიციის კანდიდატები არ არის მხოლოდ პარტიული ნიშნით შერჩეული კანდიდატები, ეს არის პოლიტიკური და საზოგადოებრივი ერთიანობა ქართული ოცნების დასამარცხებლად.

2 ადგილი არ გავანაწილეთ, დავტოვეთ ღიად შეგნებულად, სპეციალური განზრახვით, ეს საშუალებას მოგვცემს, გავაგრძელოთ კონსულტაციები როგორც სხვა პოლიტიკურ პარტიებთან, მათი ჩართვის მიზნით, ასევე, საზოგადოებისთვის ცნობად სახეებთან, არაპოლიტიკურ ფიგურებთან, იმისთვის, რომ შეიქმნას საზოგადოებრივი და პოლიტიკური ერთიანობის განცდა”, – განაცხადა დავით ბაქრაძემ.