ვაშინგტონის შეშფოთება ღრმავდება განმეორებითი უკანგადადგმული ნაბიჯების გამო – საელჩო

აშშ-ის საელჩოს განცხადებით, ქართული ოცნების გადაწყვეტილება, დაეტოვებინა 19 აპრილის შეთანხმება, “უფრო მეტ პოლიტიკურ არასტაბილურობას ქმნის და აჩენს კითხვებს „ქართული ოცნების” ერთგულებაზე საქართველოს დემოკრატიული მიზნების მიღწევისადმი, იმ მიზნების, რომელიც პარტიამ თავად განსაზღვრა საქართველოსთვის”.

მათივე განცხადებით, “დესტაბილიზაციისა და განხეთქილების გამომწვევ ქმედებებს სარგებელი მოაქვს მხოლოდ მათთვის, ვინც ცდილობს, ძირი გამოუთხაროს საქართველოს დემოკრატიის სტაბილურობასა და წარმატებას”.

აშშ-ს საელჩო განმარტავს, რომ ვაშინგტონის შეშფოთება სულ უფრო მეტად ღრმავდება საქართველოს დემოკრატიული მომავლის გზაზე განმეორებითი უკანგადადგმული ნაბიჯების გამო.

ოცნების არგუმენტაციაზე საპასუხოდ საელჩო აღნიშნავს, რომ შეთანხმებაზე ცხრა არჩეული პარტიიდან სულ მცირე ექვსი პარტიის ასთხუთმეტმა პარლამენტარმა მოაწერა ხელი.