ვაშინგტონი მხარს დაუჭერს კიევს მანამ, სანამ დასჭირდება–უკრაინაში აშშ–ს ელჩი

შეერთებული შტატები გააგრძელებს “უკრაინის მხარდაჭერას მანამ, სანამ ეს დასჭირდება,” დააჩქარებს რა სამხედრო დახმარებას რუსეთის არმიის წინააღმდეგ ბრძოლაში– განაცხადა კიევში აშშ-ს ელჩმა.

რადიო თავისუფლების უკრაინულ სამსახურთან ინტერვიუში, ბრიჯიტ ბრინკმა, თქვა, რომ ის “ნამდვილად ამაყობს” იმით, რომ შეერთებული შტატები არის “უკრაინისთვის უსაფრთხოების სფეროში დახმარების უდიდესი მიმწოდებელი…და ეს მოიცავს შორი მოქმედების არტილერიას, საჰაერო თავდაცვას, სანაპირო თავდაცვას, უხვ საბრძოლო მასალას და ბევრ სხვას“. ბრინკის თქმით, აშშ უკრაინას ახლა ეხმარება პრეზიდენტის უფლებამოსილების გზით, გაუწიოს სამხედრო თანადგომა მოკავშირეებს, რაც მხარდაჭერის ძალიან სწრაფი გზაა. „და ჩვენ ამას ვაკეთებთ ორ კვირაში ერთხელ. ასეთია განრიგი და ჩვენ გავაგრძელებთ უკრაინის მხარდაჭერას და დახმარებას უსაფრთხოების კუთხით, რამდენადაც ეს მას დასჭირდება“, – დასძინა ბრინკმა.

ბრინკის კომენტარი მოჰყვა თეთრმა სახლის მიერ 22 ივნისს გაკეთებულ განცხადებას, რომ შეერთებული შტატები უკრაინას უსაფრთხოების სფეროში უგზავნის დამატებით 270 მილიონი დოლარის დახმარებას. პაკეტი მოიცავს უფრო მეტ საშუალო რადიუსის სარაკეტო სისტემებს და ტაქტიკურ უპილოტო საფრენ აპარატებს.

24 თებერვალს, თავის მეზობელზე რუსეთის თავდასხმის შემდეგ, უკრაინას პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის მიერ უსაფრთხოების სფეროში მიწოდებული დახმარების ჯამური ოდენობა 8,2 მილიარდ დოლარს შეადგენს.

ახალი პაკეტი მოიცავს ოთხ მაღალი მობილურობის საარტილერიო სარაკეტო სისტემას, HIMARS-ს და საშუალებას მისცემს კიევს შეიძინოს 580-მდე Phoenix Ghost-ის ტიპის დრონები.

ამ იარაღმა საშუალება მისცა უკრაინელებს განაგრძონ ბრძოლა რუსული არტილერიის მხრივ უპირატესობის მიუხედავად, აცხადებს ჯონ კირბი, თეთრი სახლის სახელმწიფო უშიშროების საბჭოს კოორდინატორი სტრატეგიული კომუნიკაციების სფეროში.

წყარო: რადიო თავისუფლება