მომავალ კვირაში, შეერთებული შტატების კონგრესში დაგეგმილ მოსმენაზე, ამერიკელი მეცნიერი წარსდგება, რომელიც აპრილამდე მთავრობის მაღალ თანამდებობაზე მუშაობდა. რიკ ბრაითმა მამხილებელი საჩივარი შეიტანა, რომელშიც ამბობს, რომ მთავრობის ოფიციალურმა პირებმა მასზე შური იძიეს და სამსახურიდან გაათავისუფლეს.
თანამდებობიდან გაშვებამდე, ბრაითი ჯანდაცვის დეპარტამენტში ბიომედიცინის მოწინავე კვლევითი განყოფილების დირექტორი იყო. ის ამტკიცებს, რომ თავიდანვე ითხოვდა მთავრობისგან “კოვიდ-19-ზე უფრო აგრესიულ საპასუხო ქმედებებს”.
წარმომადგენელთა პალატის დემოკრატი წევრი ანა ეშო ამბობს, რომ რიკ ბრაითის საჩივარი სერიოზულ შეშფოთებას იწვევს. მათ კითხვები გაუჩნდათ თუ როგორ უმკლავდება პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია პანდემიას და სურთ მოუსმინონ ჯანდაცვის დეპარტამენტის მდივანს ალექს აზარს და მის ერთ-ერთ მოადგილეს რობერტ კალდეკს.
“ეს საჩივარი ადმინისტრაციას ბრალს დებს იმაში, რომ მათ ნეპოტიზმი და შიდა უთანხმოება, პანდემიის დროს ამერიკელთა ჯანმრთელობის დაცვაზე უფრო მაღლა დააყენეს” – ამბობს ენა ეშო. დემოკრატი კანონმდებლის აზრით, ბრაითის “საჩივარი განხილვას იმსახურებს”.
ბრაითი საჩივარში წერს, რომ ჯანდაცვის დეპარტამენტის მდივნის მოადგილე მასზე და მის განყოფილებაზე ზეწოლას ახორციელებდა, რათა ინვესტიცია ჩადებულიყო ისეთ წამლებში და ვაქცინებში, რომელთა ეფექტურობა სამეცნიერო მონაცემებით არ დასტურდებოდა. მათ შორის იყო გახმაურებული მედიკამენტი “ჰიდროქსიქლოროქინი” (“პლაქვენილი”), რომელიც პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ბრიფინგებზე არაერთხელ ახსენა.
საჩივრის მიხედვით, ბრაითს ჯანდაცვის დეპარტამენტის ხელმძღვანელები აკრიტიკებდნენ იმის გამო, რომ ის გაცილებით ადრე ითხოვდა კოვიდ-19-ის ვაქცინების განვითარებაში ინვესტირებას. ბრაითის საჩივრის მიხედვით, ის ნიღბების, ვენტილატორების და ტესტირებისთვის აუცილებელი ბამბის ჩხირების მომარაგებას ითხოვდა. თუმცა, ოფიციალური პირებისგან ამის გამუდმებით იგნორირება ხდებოდა – ამბობს ბრაითი საჩივარში.
დღეს გაკეთებულ განცხადებაში, ჯანდაცვის დეპარტამენტი ამბობს, რომ ბრაითი ჯანდაცვის ეროვნულ ინსტიტუტში გადაიყვანეს “დიაგნოზის ტესტებზე სამუშაოდ”, რაც ახალი კორონავირუსის დამარცხების საქმეში ერთ-ერთ მთავარ გასაღებად ითვლება. “ძლიერ იმედგაცრუებული ვართ იმით, რომ ის სამსახურში არ გამოცხადდა, რათა ამერიკელი ხალხისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანი საქმისთვის ეხელმძღვანელა” – თქვა დეპარტამენტის პრესსპიკერმა კატალინ ოკლიმ.
წყარო: ამერიკის ხმა