ევროპული საქართველოს ლიდერი გიგა ბოკერია ამბობს, რომ გირჩის პოლიტიკოსებზე მხოლოდ კომედი შოუში ისაუბრებს.
“ვახოზე [მეგრელიშვილი], იაგოზე [ხვიჩია] და ამ კომპანიაზე მხოლოდ კომედი შოუში თუ დამიძახებენ, იქ ვისაუბრებ. რომელიმე კარგ კომედი შოუში თუ დამიძახებენ, აუცილებლად მოვყვები ჩემს შთაბეჭდილებებზე, აქ არა”,– თქვა მან.
კითხვაზე, რატომ არ არიან ოპოზიციის საერთო განცხადების ავტორების სიაში „გირჩი“ და „მოქალაქეები“, ბოკერიამ აღნიშნა, რომ ისინი ვერ იქნებოდნენ ამ განცხადების ავტორები, რადგან არ უთქვამთ უარი სადეპუტატო მანდატებზე.
„რაც შეეხება „გირჩსა“ და ელისაშვილს, მათ არც დაუწერიათ განცხადება მანდატების შეჩერების თაობაზე, შესაბამისად, ვერც იქნებიან ისინი ამ განცხადების ნაწილი ფიზიკურად. ეს არის მათი განცხადება, ვინც ამ მანდატების შეჩერებაზე შეიტანა განცხადება და რომელთა მიმართებითაც გრძელდება სპეკულაციები“,- განაცხადა ბოკერიამ.
დღეს შვიდმა ოპოზიციურმა პარტიამ ერთობლივი განცხადება გაავრცელა.