პარტია გირჩის ლიდერი იაგო ხვიჩია აცხადებს, რომ ვახო სანაიამ და მისმა ოჯახის წევრებმა თავად უნდა გადაწყვიტონ, მათზე მოძალადეები ციხეში ისხდებიან თუ არა. მისივე თქმით, სანაიას უნდა ჰქონდეს პროკურორის შერჩევის უფლებაც.
“ვახო სანაიას და მისი ოჯახის წევრების გადასაწყვეტი უნდა იყოს მოძალადეები ციხეში იჯდებიან თუ არა. სანამ ვახოსთან და მის ოჯახთან ისე არ მოიხდიან ბოდიშს, რომ მათ მიტევების სურვილი გაუჩნდეთ, ციხეში უნდა ეყარონ.
ვახოს და მის ოჯახს, უნდა ჰქონდეთ უფლება ამ საქმისთვის, მათთვის სანდო პროკურორი შეარჩიონ და არც ერთ პროკურორს არ უნდა ჰქონდეს დაზარალებულების გარეშე, მოძალადესთან რამეზე გარიგების უფლება, მხოლოდ დაზარალებულის მიერ მიტევება უნდა იყოს გათავისუფლების საფუძველი. ასეთ დროს ვნახავთ, ვინ ვის ჩახედავს თვალებში და ვინ ვის სახეს დაიმახსოვრებს. ჩემი მხარდაჭერა ვახო სანაიას”,- წერს ხვიჩია Facebook-ზე.
ტელეკომპანია ფორმულას ტელეწამყვანს, ვახო სანაიას და მის ოჯახს თავს დაესხნენ. სანაიას თქმით, დაზიანებები აქვს თავზე, ხელზე და ფეხები, ასევე, თავდამსხმელებმა დაარტყეს მის რძალსაც. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, თავდასხმის ფაქტზე დაკავებულია 3 ადამიანი.