ვახო სანაიას ვაჟა გიგაური წიხლებით შედგა – მოწმე

“ვახო სანაიას ვაჟა გიგაური წიხლებით შედგა “- ამის შესახებ სასამართლო პროცესზე ჟურნალისტ ვახო სანაიას თავდასხმის საქმეზე მოწმემ, გიორგი რამაზაშვილმა განაცხადა.რამაზაშვილი იმ ავტომანქანას – „მინივენს“ მართავდა, რომელშიც ვახო სანაია ოჯახის წევრებთან ერთად იმყოფებოდა.

„სამაშველო სამსახური გამოვიძახეთ, მალევე მოვიდნენ… ვახო და გიგაური გვერდიგვერდ აღმოჩნდნენ, მაშველებთან ერთად აწვებოდნენ მანქანას, ვახოს ჩამოძვრა ნიღაბი, გიგაურმა იცნო და მიმართა, „პროვოკატორო, ჩემი სახე დაიმახსოვრეო“. ვახომ უთხრა, ახლა ვერაფერს ვხედავ, ჩემი პრობლემა მაქვს და დამანებე თავიო. გიგაური წავიდა, მანქანას წრე დაარტყა, ფეხი აუცდა და დაეცა, დაეცა ვახოც. ხმაურზე მოვიდნენ დანარჩენებიც და ჩაერთნენ კონფლიქტში. ჩხუბი იყო, ფრაგმენტებად ვხედავდი გვერდითა სარკიდან, გიგაური რომ წაიქცა, მერე ვახოც დაეცა და წიხლებით შედგა გიგაური ვახოს, დანარჩენი ორი ამ დროს ქვემოდან მორბოდა და ჩუბში ჩაერთნენ, ხელებით, ფეხებით, გინებით, როგორც ხდება ჩხუბის დროს. დავინახე, რომ მურუსიძეს ხელი მოხვდა, შეიძლება შემთხვევით მოხვდა, ვერ დავაზუსტებ. სამაშველო სამსახური ცდილობდა სიტუაცია განემუხტა, მე ფიზიკურად ვერ ჩავერეოდი, რადგან მანქანის მუხრუჭზე მეჭირა ფეხი, სამაშველომ დააშოშმინა სიტუაცია. სანაიას პატარა ბავშვი ჰყავდა, 3 წლისაც არაა, კონფლიქტის დროს ბავშვი ჩავარდა ისტერიკაში. ეს ბიჭები დაბლა ჩავიდნენ და ჩვენ გავაგრძელეთ მანქანის ამოყვანა. საპატრულო მალევე მოვიდა“, – განაცხადა რამაზაშვილმა.

ცნობისთვის, სამართალდამცავებმა სანაიას მიმართ, მისი პროფესიული საქმიანობის გამო განხორციელებული დევნისა და დისკრიმინაციის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით მუქარის ფაქტზე 3 პირი – ვაჟა გიგაური, სულიკო საყევარაშვილი და გიორგი სახელაშვილი დააკავეს. მათ ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 156-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 151-ე მუხლის პირველი ნაწილით და 126-ე მუხლის პირველი ნაწილით წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.