ვგმობთ ომბუდსმენის მოვალეობაში ხელშეშლასა და ბავშვებზე ძალადობას – გაერო პანსიონზე

გაერთიანებული ერების ორგანიზაცია ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონზე განცხადებას ავრცელებს და გმობს ბავშვთა მიმართ ნებისმიერი სახის ძალადობას და სასტიკად მოპყრობას.

“ვგმობთ ნებისმიერ მცდელობას, რომელიც ხელს უშლის სახალხო დამცველის აპარატისა და ქვეყნის სხვა შესაბამისი უწყებების მხრიდან თავიანთი მოვალეობების შესრულებას”,- წერს გაერო.

ორგანიზაციის განცხადებით, სახალხო დამცველის აპარატის შეზღუდვა ეწინააღმდეგება საქართველოს მიერ ადამიანის უფლებების დაცვისა და კანონის უზენაესობის უზრუნველყოფასთან დაკავშირებით  ნაკისრ ვალდებულებებს.

გაერო ცნობით, აუცილებელია მყისიერი და მკაცრი ზომების გატარება დეინსტიტუციონალიზაციის გეგმის შემუშავებისა და დამტკიცებისთვის.

“ინსტიტუციებში მოთავსებული ბავშვებისთვის უნდა შემუშავდეს ინდივიდუალური გეგმები. გეგმების შემუშავებისა და განხორციელების ხელშეწყობის მიზნით, სასურველია, ჩამოყალიბდეს სამუშაო ჯგუფი სოციალური მუშაკებისა და ჯანდაცვის სფეროს სპეციალისტებისგან (ფსიქოლოგებისა და თერაპევტების ჩათვლით), იმისათვის, რომ ბავშვებმა სრულფასოვანი დახმარება მიიღონ.

ასევე, აუცილებელია სპეციალური ძალისხმევა ოჯახის მხარდაჭერი მექანიზმებისა და მათ შორის, ბავშვთა დაცვის სისტემის და სოციალური უზრუნველყოფის პროცედურების გაუმჯობესებისთვის”, – წერია გაეროს განცხადებაში.