ჟურნალისტური ეთიკის ქარტია ქართული ოცნების აღმასრულებელი მდივნის, ირაკლი კობახიძის განცხადებას ეხმიანება, რომელმაც თქვა, რომ „ტვ პირველის“ ჟურნალისტმა, ნატო გოგელიამ და “ენმ” წევრმა, ბესო ქათამაძემ ტელეფონზე ისაუბრეს. ტვ პირველის განცხადებით, ირაკლი კობახიძემ აღიარა, რომ მათ ჟურნალისტს ფარულად უსმენენ.
“ქარტია გმობს მოქალაქეების, და მათ შორის ჟურნალისტთა უკანონო მოსმენებისა და თვალთვალის პრაქტიკას. ეს ეწინააღმდეგება საზოგადოებრივი დემოკრატიული განვითარების პრინციპებსა და ლიბერალურ ღირებულებებს. ასევე მიუღებელია, როდესაც უკანონო სატელფონო მოსმენების შინაარსს ასაჯაროებენ მაღალი თანამდებობის პირები და პოლიტიკოსები”,- აცხადებს ქარტია.
ჟურნალისტური ეთიკის ქარტია მოუწოდებს შესაბამის უწყებებს, დროულად მოახდინონ სათანადო რეაგირება სატელეფონო ჩანაწერების უკანონო მოპოვებისა და გამოყენების ფაქტზე.
“ჟურნალისტური ეთიკის ქარტიას მიაჩნია, რომ დაცული უნდა იყოს ყველა მოქალაქის ფუნდამენტური უფლებები. იგი მოუწოდებს საარჩევნო პროცესში მონაწილე ყველა აქტორს, კარგად გაიაზრონ მედიის როლი არჩევნების გამჭვირვალედ და დემოკრატიულად ჩატარების პროცესში და ხელი შეუწყონ მათ თავისუფლად და უსაფრთხოდ მუშაობას”,- წერია ქარტიის განცხადებაში.