დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორი, ამირან გამყრელიძე აბიტურიენტების ოჯახის წევრებსა და გულშემატკივრებს მოუწოდებს, რომ საგამოცდო ცენტრების გარე პერიმეტრზე არ შეიკრიბონ.
“მიღებულია ჩვენთან საქართველოში, რომ ვგულშემატკივრობთ აბიტურიენტებს, მიდის მთელი ოჯახი, ნათესავები, არიან თავშეყრილი და ელოდებიან. არ არის ეს აუცილებელი.
მოგეხსენებათ, ერთ-ერთი მთავარი რეკომენდაცია არის დისტანცირება, ამიტომ ჯგუფურად ამ დროს ნუ შევიკრიბებით”, – თქვა გამყრელიძემ პირველი არხის ეთერში.
ერთიან ეროვნულ გამოცდაზე აბიტურიენტი პირბადით უნდა მივიდეს, თუმცა, თავის მაგიდასთან მის მოხსნას შეძლებს. გამოცდის მიმდინარეობის დროს ფანჯრები ღია იქნება, მაგრამ, თუ ტემპერატურა 30 გრადუსამდე აიწევს, კონდიციონერს ჩართავენ.
მთავრობის გადაწყვეტილებით, აბიტურიენტს პირბადე უნდა ეკეთოს – საგამოცდო ბილეთის აღების დროს, კომისიის წევრებსა და ზედამხედველებთან კონტაქტისას, თუ საკითხის გასარკვევად ზედამხედველს დაუძახებენ, ტუალეტში გასვლის დროს, ნაშრომის დასრულების შემდეგ მისი ჩაბარების დროს, კონდიციონერის ჩართვის შემთხვევაში, თუმცა მისი მოხსნა შეეძლებათ უშუალოდ მერხთან.
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის რეკომენდაციების თანახმად, გამოსაცდელთა და მეთვალყურეთა დაშვება მოხდება მხოლოდ ყოველი საგამოცდო სექტორის ფართობის 50%-ზე, საგამოცდო სივრცეებში კი 10-ზე მეტი გამოსაცდელი არ დაიშვება. ასევე, ყოველი სამუშაო მაგიდა აღჭურვილი იქნება დამცავი ბარიერით, მაგიდებს შორის დაშორება სიგანეში 2 მეტრი იქნება, ერთმანეთის მიმდევრობით განლაგებულ მაგიდებს შორის კი 1 მეტრი.