ვდგავარ არჩევნის წინაშე – ვიცხოვრო რუსეთის გუბერნიაში, ან ემიგრაციაში – დიღმელაშვილი

მოძრაობა “სირცხვილიას” ერთ-ერთმა ლიდერმა შოთა დიღმელაშვილმა პარლამენტის წინ ანტისაოკუპაციო აქციაზე მონაწილეებს სიტყვით მიმართა. ის თვლის, რომ ადამიანებმა 2019 წლის 20 ივნისის აქციაზე  გაიღეს ყველაზე ძვირფასი  – თვალის ჩინი და ჯანმრთელობა.

მისი განცხადებით ქვეყნის დასავლური არჩევანთან და კურსთან ქართული ოცნება შეუთავსებელია.

„კობა ლეთოდიანმა ერთი თვალი დაკარგა აფხაზეთში, მეორე რუსთაველზე. ამბობდა ლეთოდიანი, ვიცოდი რომ იქ, აფხაზეთში მტერს ვებრძოდიო. 20 ივნისს კი ჩემიანი გამოვიდა და დავინახე, რომ ვიღაც მიმიზნებდა, მაგის შემდეგ ნათურები ჩაქრაო.

გუშინ შემეძინა შვილი და ვდგავარ არჩევნის წინაშე – ვიცხოვრო რუსეთის გუბერნიაში, ან ვიცხოვრო ემიგრაციაში. არ მინდა ამ არჩევანის გაკეთება. ამიტომ ვიდგები აქ, სანამ არ განვამტკიცებ დასავლურ გეზს. ეს არის ღირებულებითი კავშირი, რომელთანაც ოცნება შეუთავსებელია.

ეს არის გლოვის დღე, იმ სისხლის გამო, რომელიც დაიღვარა. არის ზეიმის დღეც, როცა ადამიანები ერთად გამოვიდნენ. ეს იყო მრავალი ინტერესთა ჯგუფის აქცია. ეს იყო დიდი ეროვნული კონსოლიდაცია რუსეთის წინააღმდეგ;

ეს არჩევნები არის რეფერენდუმი. არჩევანი არის დასავლეთსა და რუსეთს შორის და, მიუხედავად იმისა, რომ დღევანდელი პოლიტიკური კლასი დისკრედიტირებულია, ყველას ვთხოვ არჩევანი გააკეთოს დასავლეთის სასარგებლოდ“- განაცხადა შოთა დიღმელაშვილმა.