“ველით, ხელისუფლება უზრუნველყოფს სრულიად დამოუკიდებელ სასამართლო სისტემას” – ასე უპასუხა, საგარეო საკითხებში ევროკავშირის სპიკერმა, პიტერ სტანომ ტელეკომპანია “ფორმულას” კითხვას სანქცირებული მოსამართლეების შესახებ.
“მივიღეთ ცნობად აშშ-ის გადაწყვეტილება მართლმსაჯულების სისტემასთან კავშირში მყოფი ოთხი ქართველი პირის შესახებ. აშშ-ის გადასაწყვეტია საკუთარი პოლიტიკის შესახებ კომენტარის გაკეთება და მართლაც, სახელმწიფო მდივანმა და აშშ-ს ელჩმა საქართველოში ეს უკვე გააკეთეს. მართლმსაჯულების რეფორმა არის 12 პრიორიტეტის ნაწილი, რომელიც კომისიამ განსაზღვრა საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მისაღებად. მოელიან, რომ ხელისუფლება უზრუნველყოფს სასამართლო სისტემას, რომელიც იქნება სრულად და ჭეშმარიტად დამოუკიდებელი, ანგარიშვალდებული და მიუკერძოებელი მთელ სასამართლო ინსტიტუციურ ჯაჭვში და გაატარებს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საფუძვლიან რეფორმას. ევროკავშირი მჭიდროდ თანამშრომლობს საქართველოსთან, რათა მხარი დაუჭიროს კანონის უზენაესობის, სასამართლო და პროკურატურის დამოუკიდებლობის, მთლიანობისა და ანგარიშვალდებულების, ასევე კორუფციასთან ბრძოლის მცდელობებს.”