აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, ჯეიმს რიში საქართველოს პარლამენტის მიერ საარჩევნო სისტემის შესახებ საკონსტიტუციო ცვლილებების მიღებას ეხმიანება და აცხადებს, რომ ცვლილებების განხორციელება დემოკრატიისკენ გადადგმული ნაბიჯია.
სენატორი 8 მარტის შეთანხმების სრულად შესრულებას ელის.
„მოხარული ვარ, რომ საქართველოს პარლამენტმა მიიღო 8 მარტის შეთანხმებით გათვალისწინებული საკონსტიტუციო ცვლილებები. ეს გაზრდის ქართველების ნდობას მათი მთავრობისადმი და წაახალისებს დემოკრატიულ მონაწილეობას. ველი შეთანხმების სრულად შესრულებას და საქართველოში დემოკრატიის გაღრმავებას“, – წერს რიში Twitter-ზე.
I'm pleased @Geoparliament has approved constitutional amendments required by the March 8 agreement. This will increase Georgians’ trust in their govt & encourage democratic participation. I look forward to full implementation of the agreement & deepening of Georgia’s democracy.
— U.S. Senate Foreign Relations Committee (@SenateForeign) June 30, 2020
პარლამენტმა 2020 წლის 29 ივნისს საკონსტიტუციო ცვლილებებს დაუჭირა მხარი. წლევანდელი საპარლამენტო არჩევნები 120/30 პროპორციით ჩატარდება – 120 დეპუტატს ქვეყნის მოსახლეობა პროპორციული წესით, 1%-იანი ბარიერით აირჩევს, 30-ს კი მაჟორიტარული წესით.