ვენესუელამ პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლება დაიწყო

ვენესუელამ პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლება დაიწყო – ამ ეტაპზე, საუბარია ესპანეთის 5 მოქალაქეზე.ესპანეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ უკვე დაადასტურა ცნობა მათი მოქალაქეების გათავისუფლების შესახებ.

ვენესუელის პარლამენტის სპიკერი აცხადებს, რომ საპატიმროს კიდევ ბევრი ადამიანი დატოვებს.

“მშვიდობიანი თანაარსებობის მიზნით, ვენესუელის მოქალაქეების და უცხოელების მნიშვნელოვანი რაოდენობა დაუყოვნებლივ გათავისუფლდება”, – განაცხადა ხორხე როდრიგესმა, რომელიც პარლამენტის თავმჯდომარესთან ერთად, ვენესუელის დროებითი პრეზიდენტის ძმაა.

გათავისუფლდა, როსიო სან მიგელი, რომელიც  ნიკოლას მადუროს აქტიური კრიტიკოსი იყო. მიგელი  2024 წელს დააკავეს,  მას ბრალად ედებოდა მაშინდელი პრეზიდენტის მკვლელობის შეთქმულებაში მონაწილეობა, სახელმწიფო ღალატი და ტერორიზმი.

ვენესუელის ადამიანის უფლებათა დამცველი ორგანიზაციის თანახმად, ამჟამად ციხეში 806 პოლიტიკური პატიმარი იმყოფება.

პოლიტპატიმრების გათავისუფლების გადაწყვეტილებას, დონალდ ტრამპი გამოეხმაურა  და “მნიშვნელოვან და ჭკვიანურ ჟესტად” შეაფასა.

“აშშ და ვენესუელა კარგად თანამშრომლობენ, განსაკუთრებით მათი ნავთობისა და ბუნებრივი აირის ბევრად უფრო დიდი, უკეთესი და მეტად თანამედროვე ფორმით აღდგენის საკითხში.ამ თანამშრომლობის გამო მე გავაუქმე წარსულში დაგეგმილი იერიშების მეორე ტალღა, რაც, როგორც ჩანს, აღარ იქნება საჭირო, თუმცა, ყველა ხომალდი ადგილზე დარჩება უსაფრთხოების მიზნით”, – დაწერა დონალდ ტრამპმა Truth Social-ზე.

ვენესუელაში ჯერ კიდევ პატიმრობაში რჩებიან უფლებადამცველი ორგანიზაციების წევრები და დამფუძნებლები. ოპოზიცია და უფლებადამცველი ჯგუფები წლების განმავლობაში აცხადებდნენ, რომ მთავრობა დაკავებებს განსხვავებული აზრის ჩასახშობად და კრიტიკოსების გასაჩუმებლად იყენებდა.