”ვენეციის კომისიის დასკვნა მიუთითებს, რომ ოცნება არ აპირებს 12 პუნქტის შესრულებას ” – ამის შესახებ ენმ-ს ერთ ერთმა ლიდერმა, ხატია დეკანოიძემ განაცხადა
“ამ კანონპროექტზე მოგეხსენებათ, რომ ოპოზიციას, სამოქალაქო სექტორს, ასევე პრეზიდენტის ადმინისტრაციას ჰქონდა ძალიან ნეგატიური დამოკიდებულება, ჩვენ არაერთი ბრიფინგი მივუძღვენით და არაერთხელ მივუთითეთ მმართველ უმრავლესობას, რომ ეს კანონპროექტი არ ითვალისწინებს საქართველოში დემოკრატიის განმტკიცებას, მათ შორის მაშინ, როდესაც პოლიტიკური რეპრესირების ერთ-ერთი ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი ინსტიტუტია ფარული თვალთვალი და მიყურადება და როდესაც ქვეყანაში ფარული თვალთვალის და მიყურადების მიმართულებით სამართლებრივი ჩარჩო და ბერკეტები არაერთხელ მოხვედრილა საერთაშორისო ორგანიზაციების ანგარიშებში, ამიტომ, ვენეციის კომისიის დასკვნა და ზოგადად, ექსპერტების დასკვნა, რომლებიც არიან ვენეციის კომისიაში, ამ კანონპროექტებზე მიუთითებს რამდენიმე მნიშვნელოვან საკითხს:
1. ქართული ოცნება არ აპირებს 12 პუნქტის და რეკომენდაციის შესრულებას და ყველა პროცესი, რომელიც მიმდინარეობს განსაკუთრებით საკანონმდებლო ჩარჩოს გასააქტიურებლად არის იმიტაციური
2. ქართული ოცნება და მმართველი უმრავლესობა არაფრად აგდებს ევროპული ინსტიტუტების წარმომადგენლობის რეკომენდაციებს და მოგახსენებთ ვიცე-სპიკერის ვოლსკის განცხადებას, რომელმაც პირიქით, ბრალი დასდო ვენეციის კომისიას და ყველაზე მნიშვნელოვანი
3. ეს საკანონმდებლო ჩარჩო, რომელიც არის ყველაზე უფრო რეპრესიული სისტემის გამოხატულება საქართველოში, პოლიტიკური მართლმსაჯულების და მათ შორის სამოქალაქო სექტორზე, ჟურნალისტებზე და პოლიტიკოსებზე ზემოქმედების იარაღი გულისხმობს იმას, რომ ოცნების მიერ ევროპული ინსტიტუტების რეკომენდაციები, მათ შორის 12 პუნქტის შესასრულებლად არის მხოლოდ და მხოლოდ ადამიანების, საზოგადოების მოტყუება და სწორედ ამას ასაბუთებს და ამბობს ვენეციის კომისია, რომ მოსმენების შესახებ კანონპროექტი მიღებულია ნაჩქარევად, მოითხოვს როგორც ზემოქმედების შეფასებას, ასევე უფრო დეტალურ დასაბუთებას, რაც არ იქნება, იმიტომ რომ როგორც უმრავლესობა და ოცნება ამბობს, ისინი აპირებენ პრეზიდენტის ვეტოს დაძლევას”, – ამბობს დეკანოიძე.
დეკანოიძის თქმით, ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მისაღებად რეკომენდაციების შესრულების პროცესში ყველაზე უფრო ნეგატიური როლი ქართულ ოცნებას აქვს.
“კიდევ ერთხელ მინდა ხაზგასმით ვთქვა, რომ რეალურად 12 პუნქტის რეკომენდაციის შესრულების უმნიშვნელოვანესი ეტაპი, რომელიც დაიწყო 17 ივნისს, მაშინ როდესაც ოცნებამ და მმართველმა უმრავლესობამ პრაქტიკულად ჩააგდეს ეს პროცესი და უნდა დასრულდეს დეკემბერში, ამ პროცესში საქართველოს ხელისუფლებას, მმართველ უმრავლესობას აქვს ყველაზე უფრო ნეგატიური როლი, რაც ითვალისწინებს იმას, რომ ისინი ანტიდასავლურ კამპანიას აგრძელებენ, არ ითვალისწინებენ ევროპული ინსტიტუტების რეკომენდაციებს და ეს პროცესი, რომელიც უნდა იყოს სრულიად ინკლუზიური, ემსახურება მხოლოდ და მხოლოდ მათი ძალაუფლების განმტკიცებას”, – ამბობს დეკანოიძე.
ვენეციის კომისიის დასკვნაში, რომელიც 27 აგვისტოს გამოქვეყნდა, ნათქვამია რომ საქართველოში მოსმენების შესახებ კანონპროექტი ნაჩქარევადაა მიღებული და ზემოქმედების შეფასებასა და დეტალურ დასაბუთებას მოითხოვს. ასევე აღნიშნულია, რომ საქართველოში არაადეკვატურია ფარული თვალთვალის ღონისძიებების ზედამხედველობის მექანიზმი და აუცილებელია არსებული ფარული თვალთვალის სისტემის გადახედვა.