“ვერასოდეს გაბედავდა რამე მსგავსის თქმას რომ არა ბატონთან საუბრიდან გამოყოლილი ემოცია, სათქმელი, გზავნილი“ …–ხიდაშელი ხუნდაძის განცხადებაზე

თავდაცვის ყოფილი მინისტრი, თინა ხიდაშელი ოცნების წევრის, დეპუტატ დიმიტრი ხუნდაძის განცხადებას პასუხობს, რომელმაც ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით  თქვა, რომ “თუკი საქართველო კანდიდატის სტატუსს ისეთივე უსამართლო ვალდებულებებით მიიღებს, როგორი უსამართლო ბრალდებებიც რეზოლუციაში იყო ასახული, მაშინ ქვეყანამ საპასუხოდ სამართლიანი უარი უნდა თქვას.”

თინა ხიდაშელი ხუნდაძის განცხადებას ფეისბუქ სტატუსით გამოეხმაურა:

“ამ განცხადებას საერთოდ არ მივაქცევდი ყურადღებას ზუსტად რომ არ ვიცოდე ვერასოდეს გაბედავდა რამე მსგავსის თქმას რომ არა ბატონთან საუბრიდან გამოყოლილი ემოცია, სათქმელი, გზავნილი …

– რომ არ მქონდეს რწმენა რომ ოცნების იმ ნაწილის ოქროს ხანაა ვისაც არც არასოდეს უნდოდა, არასოდეს სჯეროდა, არასოდეს უბრძოლიათ ქვეყნის ევროპული მომავლისთვის…

– რომ არ მეშინოდეს, რომ ეს განცხადება მხოლოდ პრელუდიაა (დღეს კანდიდატის სტატუსზე უარის შემთხვევაში), ოფიციალურ დონეზე დიდი ანტიდასავლური რიტორიკის დასაწყისისა;
– რომ არ ვიცოდე როგორ წალეკავს ქვეყანას ყველა აქამდე დათრგუნული, მაგრამ არ გამქრალი პრორუსული, ანტი/დემოკრატიული, საბჭოური მანკიერება;

მოკლედ დღეს ეს განცხადება არც არაფერია, ჩალის ფასია, ერთი უგუნური ამოძახილია, მაგრამ ხვალ შეიძლება ქვეყანაში ღიად განცხადებული ოფიციალური ტრენდი გახდეს და ამაზე უნდა ვიფიქროთ“– წერს ხიდაშელი.