ვერტმფრენს გადავცემთ უკან მის გამომშვებ ქარხანას და სანაცვლოდ 3 ახალს შევიძენთ – ღარიბაშვილი “სუპერ პუმაზე”

“ვერტმფრენს გადავცემთ უკან მის გამომშვებ ქარხანას და სანაცვლოდ 3 ახალს შევიძენთ” – ამის შესახებ, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს, 29 აგვისტოს მთავრობის სხდომაზე განაცხადა. საუბარია ევროკოპტერ “სუპერ პუმაზე”, რომელიც ფრანგული წარმოების ვერტმფრენია და გამოიყენება, როგორც სამოქალაქო, ისე სამხედრო დანიშნულებისთვის.

“გომელაურის უწყება აქტიურად მუშაობს 3 ახალი ვერტმფრენის შეძენისთვის. იმის მიუხედავად, რომ ყველა ვერტმფრენი აბსოლუტურად გამართულია, კარგ მდგომარეობაშია, ეს განვიხილეთ. სახელმწიფოს ჰყავს ერთი ძვირადღირებული, ფუფუნებისთვის განკუთვნილი ვერტმფრენი, რომელიც შეძენილ იქნა წინა მთავრობის დროს, ყოფილი პრეზიდენტისთვის, რამდენიმე ათეული მილიონი ევროა გადახდილი ამ ვერტმფრენისთვის. ეს იყო ჩვენი გადაწყვეტილება, რომ ამ ვერტმფრენით არავინ არ ისარგებლა…

რა თქმა უნდა, ჩვენ გვქონდა განხილვა და მივიღეთ გადაწყვეტილება. ახალ ვერტმფრენს გადავცემთ უკან მის გამომშვებ ქარხანას და გავყიდით და სანაცვლოდ 3 ახალ ვერტმფრენს შევიძენთ. ისეთებს, რომლებიც გამოგვადება სამაშველო ოპერციებში და სხვადასხვა ოპერაციებისთვისაც. ფინანსთა სამინისტროცაა ჩართული ამ პროცესში”, – თქვა ირაკლი ღარიბაშვილმა.