“”ვერც კი ვისაუბრებთ რაიმე პირობის შესრულებაზე, რომელიც ბუნებაში არ არსებობს” – ამის შესახებ უმრავლესობის ლიდერი, მამუკა მდინარაძე სოციალურ ქსელში წერს.
პოლიტიკურ პარტიებს შორის 2020 წლის 8 მარტის შეთანხმება არ შეეხებოდა რომელიმე კონკრეტულ სისხლის სამართლის საქმეს და შავით თეთრზე წერია ის, რაზეც სინამდვილეში შეთანხმება მოხდა!
შესაბამისად, ჩვენ ვერც კი ვისაუბრებთ რაიმე პირობის თუ შეთანხმების შესრულებაზე, რომელიც ბუნებაში არ არსებობს.
ჩვენ შევასრულებთ შეთანხმების ორივე ნაწილს, რაც მხარეებს შორის შედგა და ხელი მოეწერა – გუნდი მხარს დაუჭერს 120/30-ზე სისტემას და მოახდენს რეაგირებას მართლმსაჯულების პოლიტიზების თითოეულ მცდელობაზე.
ფაქტია, რომ ოპოზიცია აპირებს ორივე ნაწილის დარღვევას – უკვე ღიად აცხადებენ, რომ არ დაუჭერენ მხარს 120/30-ზე სისტემას და ცდილობენ მოახდინონ კონკრეტული სისხლის სამართლის საქმეების პოლიტიზაცია, რაც ეწინააღმდეგება სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპებს და დადებული შეთანხმების პირობებს.
რაც შეეხება შეთანხმების ცალკეულ განსხვავებულ ინტერპრეტაციებს და გამოხმაურებებს, ფაქტია, და ეს შეთანხმების ტექსტითაც დასტურდება, რომ ,,ქართულ ოცნებას’’ არც ერთ მომენტში (!) არ უთქვამს თანხმობა არც რომელიმე ბრალდებული თუ დამნაშავე პირის პოლიტპატიმრად აღიარებაზე, არც მართლმსაჯულებაში ან პრეზიდენტის საქმიანობაში ჩარევაზე პატიმრების გათავისუფლების მიზნით.
ნებისმიერ განცხადებას, რომელიც ამ ფაქტს ეწინააღმდეგება, აქვს თავისი კონკრეტული მიზეზები, რაც შეიძლება იყოს სუბიექტური დამოკიდებულება, პოლიტიკური მიკერძოებულობა, ინფორმაციის არქონა თუ სხვა.
სუბიექტური დამოკიდებულება და მიკერძოებულობა მისი ავტორის უფლებაა, თუმცა, იმ შემთხვევაში, სადაც ფაქტის და დოკუმენტის საწინააღმდეგო განცხადება შეიძლება გამოწვეული იყოს ინფორმაციის ნაკლებობით ან არასწორი ინფორმაციით, ჩვენ მზად ვართ ვიმუშაოთ მის აღმოსაფხვრელად.
რეალურად, პირველივე კენჭისყრაზე გამოჩნდება, ვინ ასრულებს და ვინ არღვევს პირობას, ვინ ზრუნავს საარჩევნო გარემოს, დემოკრატიის ხარისხის გაუმჯობესებაზე, ხალხზე და ვინ – მხოლოდ თავის კრიმინალ მეგობრებზე.
როგორც ჩანს, ოპოზიციამ უკვე კარგად გაიაზრა, რომ არც ერთი სისტემით შანსი არ აქვთ ,,ქართული ოცნების’’ წინააღმდეგ არჩევნებში, ამიტომ მათ შეცვალეს მესიჯი, სადაც ისინი არჩევნებში გამარჯვებაზე და პოლიტპატიმრებად მათ მიერვე მოხსენიებული დამნაშავეების გამოშვებაზე ლაპარაკობდნენ. ამჯერად ისინი ცდილობენ განსხვავებული გეგმით მოქმედებას, რომელშიც საარჩევნო სისტემის ცვლილება და დემოკრატიული არჩევნები მათი ინტერესი არ არის.
დარწმუნებული ვარ, რომ საზოგადოებისთვის სრულიად მიუღებელია ფაქტების საწინააღმდეგო ნარატივის შექმნის მცდელობა, ისევე როგორც კატეგორიულად მიუღებელია რომელიმე პოლიტიკური სუბიექტის თუ ხელისუფლების წარმომადგენლის მიერ მართლმსაჯულებაში და დამოუკიდებელი ინსტიტუტების საქმიანობაში ჩარევა. როდესაც ვინმე, მაგალითად, შეწყალებაზე ლაპარაკობს, იქვე უნდა გაიხსენოს, რომ ეს პრეზიდენტის საქმეა და არა მთავრობის, პარლამენტის ან რომელიმე პარტიის.
საქართველოში უზრუნველყოფილი იქნება კანონის უზენაესობა და დემოკრატიული არჩევნების ჩატარება. ჩვენი ქვეყანა გააგრძელებს წინსვლას, განვითარებას და მომავალშიც მოახერხებს მრავალი რთული გამოცდის ჩაბარებას ისე, როგორც ეს მოახერხა ბოლო პერიოდში მსოფლიო პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლაში.”- წერს მამუკა მდინარაძე სოციალურ ქსელში.