უმრავლესობის წევრი, დავით სერგეენკო აცხადებს, რომ არ აქვს კითხვაზე პასუხი, რატომ დაწინაურდა გიორგი გახარია, თუ მან 20 ივნისს საქმე ცუდად გააკეთა.
“არის ლოგიკა კითხვაში და ამ კითხვას ვერ გავექცევით, რომ თუკი 20 ივნისის მდგომარეობით ითვლებოდა, რომ გიორგი გახარიამ საქმე ცუდად გააკეთა, რატომ დაწინაურდა – ამ კითხვაზე პასუხი არ მაქვს, ისევე როგორც არ მაქვს პასუხი იმ უამრავ კითხვაზე, რაც გახარიას მიმართ არსებობს”,- ამბობს სერგეენკო.
ის ასევე აღნიშნავს, რომ გახარიამ უნდა გასცეს პასუხი, რატომ გადავიდა ოპოზიციაში.
„გიორგი გახარიას ნაბიჯმა, რომელიც მან თებერვალში გადადგა, რა თქმა უნდა, პოლიტიკაში გარკვეული რყევები გამოიწვია. რყევაა, როცა მმართველი ძალის ფაქტობრივად ოპოზიციაში დემარშით გადადის და ამას დამაჯერებლად ვერ ასაბუთებს. ჯერჯერობით გახარიას მიმართ ბევრად მეტი კითხვა მაქვს, ვიდრე პასუხი. მას აქვს საშუალება, მოკლე პერიოდში მინიმუმ ორ თემაზე გააკეთოს დეტალური განმარტება: რატომ გადადგა მან ეს ნაბიჯი და რამდენად შეიძლება გაჩნდეს კითხვის ნიშნები მის მიერ ჩატარებულ ოპერაციებზე.
ასევე, უნდა ჩამოაყალიბოს ხედვა, იმ შემთხვევაში თუკი ამომრჩევლის მხარდაჭერას მიიღებს, რა გეგმით აპირებს სიარულს. ამ კითხვებზე პასუხის არგაცემა, გიორგი გახარიას პოლიტიკურ რეიტინგს ნულამდე დაიყვანს. ასეთ შემთხვევაში, მის პოლიტიკურ მომავალს ვერ დავინახავდი”,- თქვა სერგეენკომ IPN-ის ცნობით.
ცნობისთვის, ქართული ოცნების თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ 20 ივნისს აქციის დაშლის ოპერაცია აბსოლუტურად გაუგებრად იყო დაგეგმილი გახარიას მიერ.