ტვ პირველის წამყვანი ინგა გრიგოლია ირაკლი ღარიბაშვილის ბრალდებებს ეხმიანება. პრემიერმინისტრმა დღეს თქვა, რომ ინფიცირებულთა რაოდენობის გაორმაგება “უპასუხისმგებლო” საპროტესტო აქციებს უკავშირდება.
გრიგოლია ღარიბაშვილს ურჩევს, დაფიქრდეს, ზრდა ხომ არ გამოიწვია მათი “კუნთმაგარი ჩლუნგების” აქციებმა და ან თავყრილობებმა.
გრიგოლიას თქმით, ასეთი სულელური ბრალდებებით მათ ვერ დააკომპლექსებენ.
“ღარიბაშვილისგან აღარაფერი მიკვირს. პრემიერი სანამ მედიას დააბრალებს გარდაცვლილი და ნაცემი კოლეგის საპროტესტო აქციების მიზეზით გაიზარდაო ინფიცირებულთა რაოდენობა, მანამდე თავის თავს ჰკითხოს, თვითონ რომ კუნთმაგარი ჩლუნგები გამოჰყავთ ხოლმე ქუჩაში დიდი აქციებით, იატაკქვეშა ოცნებას რომ ვეძახი, იმ აქციებით ხომ არ დაიწყო ინფიცირებულთა რაოდენობის ზრდა? ასევე, თავიანთი პოლიტიკური თავყრილობებიც კარგად გაიხსენოს, ნუ ეცდება ახლა ადამიანები, თუნდაც 2-3 კაცი დააჯეროს იმაში, რომ თურმე მედიის აქციებმა გამოიწვია ამ რიცხვის ზრდა. სირცხვილია სხვა თუ არა.
ბატონო ირაკლი, ამ განცხადებების კეთებას ჯობია, თქვენი მთავრობის წევრებთან როცა შეიყრებით, მიიღოთ პოლიტიკური პასუხისმგებლობა მედიის წინააღმდეგ ჩატარებულ სპეცოპერაციაზე და პირველ რიგში, ორგანიზატორები დასაჯოთ. კიდევ ერთხელ გეუბნებით, არავინ გაგიტარებთ, ვერ დაგვაკომპლექსებთ ამდაგვარი სულელური ბრალდებებით, რომ თითქოს მედიის საპროტესტო აქციებს უკავშირდება ინფიცირებულთა რაოდენობის ზრდა. ვერ გაგიტარებთ ამ ყველაფერს, იმიტომ, რომ ეს არის ტყუილი”,– თქვა ინგა გრიგოლიამ.