ამერიკაში, ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტში მომუშავე ქართველი ექიმი ინფექციონისტი მამუკა მაჩაიძე კორონავირუსის მკურნალობის პროტოკოლთან დაკავშირებით დაწყებულ ექიმებს შორის დაპირისპირებას ეხმიანება. მისი თქმით, ვერ ხვდება, რას ემსახურება წამყვანი ექიმების აგრესიული განცხადებები.
მაჩაიძის თქმით, მათ შრომას არავინ უკარგავს, უბრალოდ კარგი იქნებოდა გამოცდილების გაზიარება, რადგან საქართველოში კორონავირუსით სიკვდილიანობის დაბალი მაჩვენებელია.
,,სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ, მოცემულობა ასეთია, რომ ჩვენ ვარსებობთ, ვერ გავქრებით და საჯარო თუ პირადი წყაროებით შევეცდებით ჩვენი აზრი დავაფიქსიროთ ისე, რომ საერთო საქმე არ გაფუჭდეს.
მე ვერ ვხვდები რას ემსახურება წამყვანი ექიმების გამოყვანა და ერთ ტონში, აგრესიით სავსე განცხადებების გაკეთება უცხოეთში მოღვაწე ექიმის მიმართ, მითუმეტეს ისეთ თემაზე, რასაც სამეცნიერო კამათი და გარჩევა ჭირდება. თქვენ არავინ გიკარგავთ იმ შრომას და დამსახურებას რაც გასწიეთ ამ საქმეში. მათ შორის, ისიც ნორმალურია რომ პროტოკოლების უმეტესობა სწორედ უცხოეთიდან გაქვთ წაღებული და ადაპტირებული, ასე იზამდა ნებისმიერი საღად მოაზრივნე.
იმ ფონზეც კი, როდესაც ტესტირების პერ კაპიტა რაოდენობით ჩამოვუვარდებით მეზობელ სომხეთს და აზერბაიჯანს და შესაბამისად ვერ ავღრიცხავთ ყველა დაინფიცირებულ შემთხვევას, სიკვდილიანობა საქართველოში ნამდვილად დაბალია. ამიტომ თქვენი გამოცდილების გაზიარება სამეცნიერო სამყაროსთვის ფასდაუდებელი იქნება. აღწერილობითი (დისკრიფციული) კვლევის გაკეთებას დაახლოებით 2-3 დღე ჭირდება. ჩემი აზრით, ძალიან სასარგებლო იქნება ვიცოდეთ პაციენტების სიმძიმე, ლაბორატორიული/რენტგენოლოგიური მაჩვნებლები, ასევე რამდენმა პაციენტმა მიიღო პლაქუენილი (სიმძიმის მიხედვით), დარუნავირ/რიტონავირი, სხვა ანიტივირუსულები და სტეროიდები, ასევე რამდენმა მიიღო კომბინაცია/მედიკამენტების კოქტეილი.
მე თავად ჯერ კიდევ ვსწავლობ ბევრ რამეს, მათ შორის, თქვენგან მინდა რომ ვისწავლო კოლეგიალობა. ამიტომ გთხოვთ, რომ დისკუსია დავაბრუნოთ სამედიცინო წრეებში (თუნდაც საჯაროდ), თქვენი დაგროვილი გამოცდილება მეცნიერულ ჟურნალში დაბეჭდეთ, ისე როგორც ამას ყველა სხვა ქვეყანა აკეთებს, ჩვენ კი თქვენგან ვისწავლით. ძალიან გთხოვთ, ნუ გააპოლიტიზებთ მედიცინას ამ ქვეყნისთვის გადამწყვეტ მომენტში მაინც და ვისწავლოთ აგრესიის გარეშე ინფორმაციის გაზიარება. ჩვენს ხალხს ახლა კრიზისიდან გამოსვლის გეგმა აინტერესებს და არა ფეისბუქის პოსტების განხილვა. პატივისცემით, მ.მ . “,- წერს მამუკა მაჩაიძე.
შეგახსენებთ, რომ თენგიზ ცერცვაძემ გუშინ აშშ-ის მონტგომერის სახელობის ფედერალური კლინიკის ანესთეზიისა და ქირურგიის დეპარტამენტების დირექტორის, ზურაბ გურულის შესახებ ვრცლად ისაუბრა და მას არასწორი ინფორმაციის გავრცელებაში დასდო ბრალი.
გურულმა ცერცვაძეს დღეს უპასუხა, რომ მის ადგილას შერცხვებოდა.
ლევან რატიანმა , ,გრძელენიანებს და მოკლეენიანებს” მოუწოდა, ტვინს მოუხმონ და თუ რჩევების მიცემა უნდათ, პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში მიბრძანდნენ და იმუშავონ.