ვერ ინელებთ მიშას გულწრფელობას, რადგან თავად არ შეგიძლიათ გულწრფელობა – ბოკუჩავა “ოცნებას”

“ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატი, თინა ბოკუჩავა ქართული ოცნების წევრებს მიმართავს და ამბობს, რომ ისინი ვერ ინელებენ მიხეილ სააკაშვილის გულწრფელობასა და მის ხედვას.

„ვხედავ, ძალიან გულზე მოგხვდათ მიხეილ სააკაშვილის ბოდიში პუტინის პაიკებს, როცა გავეშებული საუბრობთ ყოველ მეორე გამოსვლაში მიხეილ სააკაშვილზე 8 წლის თავზე და თქვენი ხელისუფლების ბოლო წელს, დღესაც ვისმენთ აბსოლუტურად იგივეს. ვერ ინელებთ მიშას გულწრფელობას, რადგან თავად არ შეგიძლიათ გულწრფელობა, ვერ ინელებთ მიშას აღმშენებლობას, რადგან თავად აღმშენებლობის უნარი არ გაგაჩნიათ. ვერ ინელებთ მიშას ხედვას უკეთესი საქართველოსი, რადგან თავად არანაირი ხედვა არ გაგაჩნიათ, სიძულვილის, ღვარძლის, შურის და ბოღმის გარდა”,- ამბობს ბოკუჩავა.

მისივე განცხადებით, “ქართული ოცნების” დრო ამოიწურა, რადგან ქართველი ხალხის მიცემული ორივე შანსი მათ გაუშვეს ხელიდან.

“8 წლის თავზე და თქვენი ხელისუფლების დასასრულს ვისმენთ ზუსტად იგივეს, რასაც ვისმენდით დეჟავუდ ქცეულ 2012 წლის საპარლამენტო სხდომებზე. ტრიალებთ უსასრულო და უსუსურ, მანკიერ წრეზე სიძულვილის და ზიზღის, რომლითაც ხალხი დაიღალა. ქვეყანაში, სადაც ყოველი მეხუთე ბავშვი სიღარიბეშია და რეგიონში ყველაზე მეტი ადამიანი შიმშილობს, მილიარდერი ივანიშვილის რეჟიმი ხალხს სიძულვილით კვებას სთავაზობს. ამიტომ, თქვენი აგონიური სიძულვილის ნიაღვრის პასუხის ღირსნი დღეს აღარ ხართ. თქვენი დრო ამოიწურა, თქვენ ხალხმა ორჯერ მოგცათ შანსი და თქვენ ეს შანსი გაუშვით სიძულვილში, ღვარძლში და ამასობაში ჩამოშალეთ სახელმწიფო, მორღვეულია ყველა სახელმწიფო ინსტიტუტი, ადამიანებს აღარ გააჩნიათ არანაირი უსაფრთხოების განცდა,“,- თქვა თინა ბოკუჩავამ პარლამენტში.