ბიძინა ივანიშვილი ამბობს, რომ ქვეყანაში სიღარიბე არა ქართული ოცნების ბრალი, არამედ მისი მემკვიდრეობაა. ივანიშვილი ირწმუნება, რომ დღევანდელი სიღარიბე ათეული წლების განმავლობაში დაგროვებული პრობლემაა და სათავეს იმ დროდან იღებს, როდესაც “ჩვენი ხელით დავანგრიეთ ახლად ფეხადგმული სახელმწიფო”.
“დიახ, სიღარიბე ობიექტური რეალობაა და ჩვენ მის არსებობას, რასაკვირველია, ვაღიარებთ, მაგრამ ჩვენ ვერ მივიღებთ ბრალდებას იმის თაობაზე, რომ სიღარიბე, რომელიც მემკვიდრეობით გვერგო, ქართული ოცნების მმართველობის შედეგია”, – თქვა ივანიშვილმა პარტიულ ღონისძიებაზე.
მისივე განცხადებით, კრიტიკას არ მიიღებს წინა ხელისუფლებისგან.
“ამიტომ, უსამართლო კრიტიკას ვერ მივიღებთ ვერც მათგან, ვინც თავის დროზე ქვემეხებით ანგრევდა რუსთაველს და დღეს დანგრეულ ეკონომიკაზე ბედავს ლაპარაკს და ვერც მათგან, ვინც 2012 წლამდე, სხვადასხვა ეტაპზე, საკუთარი უგუნურებითა თუ ანგარებით უზრუნველყო ის ეკონომიკური დაღმასვლა, რამაც შვა მასობრივი სიღარიბე, რომელიც, როგორც უკვე აღვნიშნე, მემკვიდრეობით ერგო ქართული ოცნების ხელისუფლებას.
განსაკუთრებით მიუღებელია კრიტიკა და ბრალდებები იმ ხელისუფლების წარმომადგენლებისგან, ვინც ცხრაწლიანი მმართველობის პერიოდში, მხოლოდ 4 პროცენტით მოახერხა სიღარიბის შემცირება და 2012 წელს, სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი მილიონ 123 ათასი მოქალაქე დაგვახვედრა”,– ბიძინა ივანიშვილმა.