ვერ მომინელებია, რომ ხალხს ვეუბნებოდი: „ისეთი ტექნოლოგიაა, ვერ გაყალბდება არჩევნები“, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, პაატა მანჯგალაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „რეზიუმე“ განაცხადა.
„იმისთვის, რომ არჩევნებზე დადო შედეგი, საჭიროა ობიექტური გარემო. ყოველთვის ყალბდებოდა საქართველოში არჩევნები, ეს მართალია, მაგრამ „ქართული ოცნების“ პირობებში, ახალი ტექნოლოგიის გამოყენების პირობებში საერთოდ შეუზღუდავი გახდა არჩევნებში მანიპულაციის პროცენტი. იმისთვის, რომ არჩევნებში მიიღო მონაწილეობა და ამას აზრი ჰქონდეს, აუცილებელია, რომ ჩატარდეს არჩევნები. მარტივი კითხვა მაქვს არჩევნებში მონაწილეობის მომხრეებთან: თუ საპარლამენტო არჩევნების აღიარება არ შეიძლებოდა გარკვეული მიზეზების გამო, მას შემდეგ რა გაუმჯობესდა, რა შეიცვალა ისეთი, რომ დღეს მიდიხართ არჩევნებზე. თბილისში მოიგო ოპოზიციაც იმიტომ, რომ არ დაიწერა შედეგი, დათვლილი ჰქონდათ რეგიონებში დათვლილი და იცოდნენ რა შედეგი იყო. რეგიონებში როგორც გააყალბა არჩევნები, ახლა თბილისში გადმოიტანს ამ [მეთოდოლოგიას] და შედეგს დაწერს თბილისში.
ამ ხალხს უფრო მეტ კითხვას დავუსვამ: ვინმემ ამ პარტიებისგან ანალიზი გააკეთა თუ რომელი ტექნოლოგიების გამოყენებით გაყალბდა არჩევნები? ამაზე სიამოვნებით მოვისმენდი პასუხს. ბოლომდე თუ იცის ამ ხალხმა როგორი ჩარევა მოხდა, როგორ მოხდა გაყალბება, რატომ იყვნენ რუსები ჩამოსული საქართველოში, რატომ იყვნენ ნატახტრის სპეციალურ ოფისში განთავსებული და რას აკეთებდნენ რუსი IT სპეციალისტები. მაინტერესებს ეს საკითხები თუ აქვთ შესწავლილი. ჩვენ არჩევნების კი არ გვეშინია, პარტია არჩევნებისთვის არსებობს და მარტოც მიგვიღია მონაწილეობა და ბარიერიც გადავლახეთ, პარლამენტშიც შევედით, მაგრამ არ მინდა, რომ ბრმად მივიღოთ პროცესში მონაწილეობა. მე ის ვერ მომინელებია, რომ ხალხს ვეუბნებოდი: ისეთი ტექნოლოგიაა, რომ ვერ გაყალბდება არჩევნები. მენდო ვიღაც და მივიდა არჩევნებზე, ახლა რა ნამუსით მივიდე მეორე არჩევნებზე და როგორ ავუხსნა ადამიანებს, რომ მაშინ მოგვატყუეს, ვერ დაგიცავით, მაგრამ მოდით, ახლა თავიდან ვცადოთ. კოკა-კოლის რეკლამა ხომ არ არის – „კიდევ სცადე, კიდევ სცადე“.ქვეყნის ბედი წყდება და სათამაშოდ სად გვცალია“, – განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.