ირაკლი ღარიბაშვილი აცხადებს, რომ ახლაც ხელისუფლების ამოცანა კონსტიტუციიდან გასული უზურპატორების კანონის ჩარჩოებში დაბრუნებაა.
“2012 წელს ბიძინა ივანიშვილის მეთაურობით დაწყებულმა დემოკრატიულმა მოძრაობამ გაათავისუფლა ქვეყანა პირდაპირ ვიტყოდი ნეობოლშევიკური რეჟიმისგან. მაშინ ჩვენი ამოცანა კონსტიტუციიდან გასული უზურპატორების კანონის ჩარჩოში დაბრუნება იყო და ეს მისია ქართველმა ხალხმა წარმატებით შეასრულა. ახლა ჩვენ იმავე ამოცანის წინაშე ვდგავართ”,– ამბობს ღარიბაშვილი პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას.
მისივე თქმით, ნაციონალურმა მოძრაობამ არჩევნების “გაყალბების მითი გამოიგონა”.
“ჩვენ ვხედავთ, თუ როგორ მოქმედებს ეს დამნაშავე ძალა. მათ უარი განაცხადეს არჩევნების შედეგების აღიარებაზე. გამოიგონეს არარსებული გაყალბების მითი. დაიწყეს საბოტაჟი. გამოაცხადეს ბოიკოტი და რადგან ვერ შეძლეს ჩვენი ხელისუფლების შერყევა, დაიწყეს კანონისა და მართლმსაჯულების მიმართ დაუმორჩილებლობა. დღეს ზუსტად ისე, როგორც 9 წლის წინ ეს ძალა გასულია საკონსტიტუციო წესრიგიდან. დღეს 21–ე საუკუნის შულავერის კომიტეტი ზუსტად ისევე როგორც 100 წლის წინ ქვეყნის კონსტიტუციის დამხობას ცდილობს”,– განაცხადა ღარიბაშვილმა.