“ვერ ჩამოვირეცხავთ სირცხვილს იმით, რომ ივანიშვილი დასავლეთს თვალს აუხვევს თქვენი დახმარებით“–ჩერგოლეიშვილი საპარლამენტო ოპოზიციას

ტაბულას დამფუძნებელი, თამარ ჩერგოლეიშვილი თვლის, რომ საპარლამენტო ოპოზიცია ივანიშვილის ხელისუფლებას “ბუნდოვანების პოლიტიკის“ გატარებაში ეხმარება, რაც მას ძალაუფლების შესანარჩუნებლად ჭირდება:

“საერთაშორისო ურთიერთობებში არსებობს ასეთი ფენომენი – სტრატეგიული (გამიზნული) ბუნდოვანების პოლიტიკა.

ეს არის ქვეყნის ხელმძღვანელობის მცდელობა ბუნდოვანი პოზიცია ეკავოთ რომ ნაკლებად დაზიანდნენ – სხვადასხვა ინტერპრეტაცია მიეცეს მათ ქმედებებს და მაგალითად – ძალაუფლება შეინარჩუნონ.ამას აკეთებს ივანიშვილი.

სტრატეგიული ბუნდოვანების ფენომენი ვისაც არ გაუგია, იმას ეროვნულ პოლიტიკაში არაფერი უნდა ესაქმებოდეს, მაგრამ სამწუხაროდ ჩვენ ტვინი ამოცლილი გვაქვს და რეგენერაცია ჯერ არ მომხდარა – ამიტომ პოლიტიკაც უტვინოა.

ჩემო მეგობრებო, მათ მოგმართავთ, ვინც ფიქრობთ, რომ ერთობლივი ვიზიტით საქართველომ სირცხვილი მოიწმინდა.

რეალურად ის მოხდა, რომ ქართული საპარლამენტო ოპოზიცია ივანიშვილს სტრატეგიული ბუნდოვანების შექმნაში დაეხმარა. (მენეჯმენტშიც არსებობს იგივე ფენომენი).

ამას საპარლამენტო ოპოზიცია ვერ ხვდება.

ვერ ხვდება იმიტომ, რომ

ა) პოლიტიკაში საკუთარი თავი უყვარს და არა პოლიტიკის შედეგი;
ბ) ბანალურად გაუნათლებელია.

დღეს სამყარო არის შავ-თეთრად გაყოფილი.

დღეს, როგორც არასდროს, გვჭირდება სიცხადე.

დღეს ნაცრისფერ ჭაობში ყოფნა არის დიდი რისკის შემცველი – ჩვენ არ ვართ უნგრეთი, ჩვენ ასე შეიძლება დამარცხებული პუტინის გავლენის სფეროში ჩავრჩეთ.

ივანიშვილისთვის სტრატეგიული ბუნდოვანების უზრუნველყოფით, ქართული საპარლამენტო ოპოზიცია ღალატობს ქვეყნის ეროვნულ ინტერესს.

ვერ ჩამოვირეცხავთ სირცხვილს ვერავინ იმით, რომ ივანიშვილი დასავლეთს თვალს აუხვევს თქვენი დახმარებით (ვერც აუხვევს, უბრალოდ რაც ალხანა, ის ჩალხანა, ოპოზიცია როცა ნორმალიზებას ახდენს, დასავლეთი უყურებს ისე, როგორც ავღანეთს შეხედა და არა უკრაინას).
ვერც იმით, რომ შიგნით ხალხს დავაბნევთ.

ეროვნულ სირცხვილს ჩამოვირეცხავთ მაშინ, როდესაც რეჟიმს დემოკრატიულად გამოვცვლით და ამ ძირგამომპალი სისტემის ნაცვლად ახალ რესპუბლიკას დავაფუძნებთ.

ამიტომაა საჭირო პოლიტიკაში ტვინის შემოდინება. პოლიტიკა გონიერი ადამიანებისთვის მიმზიდველი უნდა გახდეს იმისთვის, რომ ეს გაუნათლებლები წარსულს ჩაბარდნენ.“– წერს თამარ ჩერგოლეიშვილი ფეისბუქზე.