ვეღარც ფქვილით, ვეღარც კარტოფილით ამ არჩევნებზე მოსახლეობის მოსყიდვა ვერ მოხდება – დავით ბაქრაძე

” ვეღარც ფქვილით, ვეღარც კარტოფილით ამ არჩევნებზე მოსახლეობის მოსყიდვა ვერ მოხდება”- – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა, დავით ბაქრაძემ საარჩევნო კამპანიაზე საუბრისას განაცხადა.

,,საარჩევნო კამპანია ახლა იღებს ინტენსიურ სახეს, ამიტომ ველოდებით, რომ ყველა ის ცუდი სიმპტომი და ნიშანი, რომელიც არსებობდა წინა საარჩევნო კამპანიების დროს კიდევ უფრო გამძაფრდება, წარმოდგენილ იქნება. ეს არის ის ტიპური საარჩევნო კამპანია, როგორსაც ატარებს „ქართული ოცნება“. ამომრჩევლის მოსყიდვა, ადმინისტრაციული რესურსი, ზეწოლა, ოპონენტების წინააღმდეგ ძალადობა, – ყველაფერი ეს ვიხილეთ წინა არჩევნებზე „ქართული ოცნების“ მონაწილეობით და დღეს როდესაც აბსოლუტურად ნათელია სურათი, რომ ხელისუფლება ამ არჩევნებს წააგებს ოპოზიციასთან, რა თქმა უნდა, ველოდებით, რომ ყველა ამ ნაცად ხერხს ხელისულება უფრო აქტიურად გამოიყენებს.

მთავარია ის, რომ ვერანაირი დარღვევა მოსყიდვა და ადმინისტრაციული რესურსი ხელისუფლებას უკვე ვეღარ უშველის, მოსახლეობა შესულია იმდენად მძიმე კრიზისში, რომ არის მკაფიო დაკვეთა ცვლილებებზე, წინსვლაზე და უკეთესობაზე. ამიტომ, დარწმუნებული ვარ, რომ ვეღარც ფქვილით, ვეღარც კარტოფილით და ვეღარც ზეწოლით მოსახლეობის მოსყიდვა ამ არჩევნებზე ვერ მოხდება,” – აღნიშნა დავით ბაქრაძემ.